ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ ნოემბრიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ ნოემბრიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ ენერგოდეფიციტის გამო ელექტროენერგია ყოველდღე ოთხი საათით გაითიშება. მისივე თქმით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი რუსეთიდან ელექტროენერგიას კომერციულ ფასად შეისყიდის.
„ამჟამად აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი 260 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს. ამასთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება „ინტერ რაოსთან“ რუსეთიდან პირველი ნოემბრიდან 180 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების შესახებ (60 მლნ კვტ.სთ ნოემბერში და 120 მლნ კვტ.სთ დეკემბერში). დეფიციტის დასაფარად, ასევე ნოემბრიდან რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე დაწესდება ელექტროენერგიის ოთხსაათიანი გამორთვები“, – განაცხადა ჯინჯოლიამ.
„ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორის თქმით, შემდგომი სიტუაცია დამოკიდებული იქნება ენგურჰესის კაშხალში წყლის დონეზე, შემოდინებასა და სადგურის შესაძლებლობებზე. რუსული მედიის ცნობით, ამჟამად წყლის დონე ენგურჰესის კაშხალში ზღვის 427 მეტრს შეადგეს. 420 მეტრზე დაბალი წყლის დონის შემთხვევაში სადგური ვერ იმუშავებს.