ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის გამო, ეროვნული ლიგის ორი შეხვედრა 5 მარტისთვის გადაიდო
რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის ფორმირებების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო, ეროვნული საფეხბურთო ლიგის ორი შეხვედრა 5 მარტისთვის გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უერთდება ქართველი ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას – მშვიდობა ომზე მეტია, რომელიც კვირას, 4 მარტს, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კვირას, 4 მარტს გასამართი ეროვნული ლიგის ორივე შეხვედრა – „ლოკომოტივისა“ და „სამტრედიას“ მატჩი და ასევე „თბილისის დინამოსა“ და „რუსთავის“ შეხვედრა, ნაცვლად დაგეგმილისა, ჩატარდება ორშაბათს 5 მარტს.
ორშაბათის კალენდარი ასე გამოიყურება:
ორშაბათი, 5 მარტი, 2018
„ლოკომოტივი“ – „სამტრედია“ 15:30
„დინამო თბ.“ – „რუსთავი“ 18:00
„საბურთალო“ – „სიონი“ 20:00“, – აღნიშნულია ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციაში.
საპროტესტო აქცია დღეს, 18:30 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.