„მშვიდობა ომზე მეტია! Peace > war!“ - არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ თბილისში აქცია გაიმართება
„მშვიდობა ომზე მეტია! Peace > war!“ - არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ თბილისში აქცია გაიმართება

დღეს, 4 მარტს, 18:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის ფორმირებების მიერ მოკლული ქართველი ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება – ამის შესახებ აცხადებენ აქციის ორგანიზატორები, რომელიც სოციალურ ქსელში დაიგეგმა.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების თქმით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ სეპარატისტული რეჟიმის მიერ გავრცელებული განცხადება სიცრუეა. მათი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მარიონეტული რეჟიმები ჩვენს უდანაშაულო თანამოქალაქეებს ხოცავენ.

„22 თებერვალს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის უკანონო ფორმირებებმა, ახალგორში საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მათ მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილი იყო. სეპარატისული რეჟიმის მტკიცებით, ქართველმა ჯარისკაცმა დაკითხვის შემდეგ, ცხინვალის იზოლატორში გადაყვანისას წინააღმდეგობა გაუწია ოსურ მხარეს, რა დროსაც, მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რის შემდეგაც იგი კიბეებზე დაგორდა, ხოლო მისი სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობას ასახელებენ. სეპარატისული რეჟიმის ეს განცხადება არის სიცრუე, რადგან დე ფაქტო ხელისუფლება არ თანხმდება ცხედრის გადმოცემას და არც ქართველ ექსპერტებს აძლევენ ცხედრის დათვალიერების უფლებას.

საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილი ტატუნაშვილის დაუყოვნებლივ გადმოსვენებასა და საქართველოს ორი დაკავებული მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარიონეტული რეჟიმები ჩვენს უდანაშაულო თანამოქალაქეებს ხოცავენ. ყველას გვახსოვს ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობა და სხვა არაერთი სასტიკი და დაუნდობელი ნაბიჯი სეპარატისტული რეჟიმებისგან“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე თქმით, აქციის მთავარი მიზანი კიდევ ერთი დაღუპული ქართველის მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა, რომელიც ოკუპაციას შეეწირა.

„კიდევ ერთი ქართველი გახდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალადობისა და რუსული სისასტიკის მსხვერპლი.

ჩვენ, საქართველოს რიგითი მოქალაქეები მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფაქტს უნდა მიეცეს მკაცრი რეაგირება, როგორც სახელმწიფოსგან ასევე სამოქალაქო საზოგადოებისგან, რადგან ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე, ჩვენს პრინციპებსა და ფასეულობებზე, განვითარებაზე, ქვეყნის წინსვლასა და ჩვენს მშვიდობიან არჩევანზე.
„TOGETHER WE STAND DIVIDED WE FALL“.

მიგვაჩნია, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოებას ეს ფაქტი გააერთიანებს და კვირას 18:30 საათზე, დავანახებთ ცივილიზებულ სამყაროს, რომ საქართველო დგას მშვიდობის მხარეს, ხოლო სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთი ისევ ირჩევს ომის, მკვლელობებისა და ძალადობის გზას“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მედიასაშუალებებს მიმართავენ, შეუერთდნენ აქციას და მაქსიმალურად გააშუქონ ქართული საზოგადოების პოზიცია.

„მიმართვა ქართულ მედიასაშუალებებს: აქციის მთავარი მიზანი არის, ყოველგვარი პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების გარეშე, საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა დააფიქსირონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია, გვინდა, მოგიწოდოთ, რომ იდგეთ ჩვენს გვერდით, რადგან დღეს მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ჩვენ არ ვართ ჩუმად, რომ ჩვენ არ ვუხრით თავს რუსეთის მხრიდან ოკუპაციას, რომ ჩვენ დავიცავთ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ინტერესებს. მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ აქციას და მაქსიმალურად გააშუქოთ ქართული საზოგადოების პოზიცია“, – აცხადებენ ისინი.

ამასთან, საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მიმართავენ პოლიტიკოსებს, საკუთარი ინტერესები თუ სახელი გვერდზე გადადონ.

„მოგიწოდებთ თითოეულ პოლიტიკოსს, თანამდებობის პირებსა თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გადადოთ გვერდით საკუთარი ინტერესები, სკამები, სახელები, მიზნები და დადგეთ რიგით მოქალაქეებთან ერთად, გახდეთ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, რომელსაც შეუძლია ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ცვლილებების განხორციელება“, – მიმართავენ ორგანიზატორები პოლიტიკოსებს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციას სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა ორგანიზაციები, საზკვებისა და კომერციული ობიექტები და აქციის პერიოდში, მუშაობას წყვეტენ.