ოკუპანტების მიერ სოფელ ერგნეთის მიმდებარედ დაკავებული ორი მოქალაქე ცხინვალის ე.წ. დროებითი დაკავების იზოლატორში რჩება
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ორი მოქალაქე – რომან გოჩაშვილი და გოჩა მეტრეველი ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. ისინი ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
დაკავებულის ოჯახებს ოკუპირებული ცხინვალიდან არავინ დაკავშირებია და არც ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი ჯარიმა მოუთხოვია. ოჯახებს არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ.
„არაფერი ვიცით დამატებით. ცხინვალიდანაც არავინ დაგვკავშირებია, არც ჯარიმა მოუთხოვიათ. პოლიციაც არაფერს გვეუბნება. გუშინ გვითხრეს, რომ დღეს გამოუშვებენ და ველოდებით. მეტი არაფერი ვიცით“, – განაცხადა დაკავებული გოჩა მეტრეველის, დედამ თამარ გოგიძემ.
კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს ნიკოლოზ ფეხშველაშვილი, რომელიც ზემოთ ხსენებულ პირებთან ერთად უკანონო დაკავებისას დაშავდა. ის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან თბილისში, ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში გადაიყვანეს.
საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე სოფელ ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცა. შეიარაღებული რუსი სამხედროები სულ საქართველოს ოთხ მოქალაქეს აედევნენ, ერთმა თავს გაქცევით უშველა, სამი დაკავებულიდან ერთი კი, სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა. დაშავებული ცენტრალურ ხელისუფლებას გუშინ გადმოსცეს.
დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს.