საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ნიკოლოზ ფეხშველაშვილი გათავისუფლდა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ნიკოლოზ ფეხშველაშვილი გათავისუფლდა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული 29 წლის ნიკოლოზ ფეხშველაშვილი გათავისუფლებულია. ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც ექიმები აცხადებენ, პაციენტს ამ წუთებში უტარდება სამედიცინო კვლევები და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების მიერ. ამ წუთებში პაციენტს უტარდება კვლევები. მას აქვს სხივის ძვლის მოტეხილობა და ბოქვენის ძვლის შესაძლო მოტეხილობა. ეს კვლევებით დაზუსტდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ტიპის დაზიანების მექანიზმი შეიძლება, იყოს სხვადასხვა. ყოველ შემთხვევაში, ცემის ფაქტი ანამნეზით მას არ აღუნიშნავს. შემოსვლისას სხივის ძვალი არის მობილიზებული თაბაშირის ნახვევით“, – განაცხადა ჰოსპიტლის ტრავმატოლოგმა შალვა გოდერძიშვილმა.

29 წლის ნიკოლოზ ფეხშველაშვილი, სამ მეგობართან ერთად, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გუშინ საღამოს დააკავეს. ფეხშველაშვილი დაკავებისას დაშავდა. როგორც დე ფაქტო რეჟიმის ე.წ უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, დაკავებისას ის რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. მასთან ერთად მყოფი ორი პირი რჩება დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში. ამასთან, საქართველოს ერთმა მოქალაქემ რუსი სამხედროების დევნის დროს გაქცევა მოახერხა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, უკანონო პატიმრობაში დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამასთან, მათივე ინფორმაციით, უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა „ცხელი ხაზის“ გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.