ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის ავტორი - როდესაც ვანდალიზმის ფაქტი მჟღავნდება, ამაზრზენია, არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება, რადგან ეს არის ჩვენი სახე
ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის ავტორი ირაკლი წულაძე აცხადებს, რომ მემორიალის დაზიანება ყოვლად მიუღებელი და ამაზრზენი ფაქტია.
მისი თქმით, ნამუშევრის დაზიანებისთანავე თბილისის მერიასთან კომუნიკაცია შედგა და განიხილეს დეტალები მის აღდგენასთან დაკავშირებით.
ამასთან, როგორც ავტორმა აღნიშნა, მემორიალის დაზიანების ფაქტმა თავად ნამუშევარს უფრო მეტი დრამატიზმი შესძინა.
„როდესაც ასეთი ნამუშევარი დგება და ვიღაცების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება მჟღავნდება, ვანდალიზმის ფაქტს ვგულისხმობ, ეს არის ყოვლად მიუღებელი და ამაზრზენი. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება, რადგან ეს არის ჩვენი სახე, ჩვენი დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი. შესაბამისად, ცოტა მიჭირს სიტყვების მოძებნა, როგორც ავტორისთვის ძალიან რთულია.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნამუშევრის თემატიკიდან გამომდინარე და მესიჯიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, უფრო დრამატული და სოციალური კვალი დაემჩნა მემორიალს. ამან პირიქით, გამონაკლისის სახე მიიღო და უფრო მეტი დრამატიზმი შესძინა თვითონ მემორიალს. ის ბზარები და დაზიანება, რაც აქვს, უფრო გაამძაფრა შეგრძნება, თუ რა არის ოკუპაცია. დიდი იმედი მაქვს, როგორც ეს კედელი გაიბზარა და სიმბოლურად დაინგრა, ასე დაინგრევა ოკუპაციაც, უხილავი თუ ხილული გამყოფი ხაზები ჩვენ შორის.
დაზიანებისთანავე მერიაში კომუნიკაცია შედგა თვითონ მონუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე. ჩვენ გავიარეთ დეტალები, რა იყო დაზიანებული, რისი აღდგენა შეიძლება მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, მაგრამ ის დრო, რაც სჭირდება ამის გააზრებას, ასე ვთქვათ, მონუმენტის დამოკიდებულებას თვითონ ხალხთან, ამას ცოტა დრო დასჭირდება“, – განაცხადა ირაკლი წულაძემ.
კრწანისის რაიონში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი 5 მარტს დააზიანეს. მემორიალის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი მიმდინარე წლის იანვარში დაიდგა.