ოკუპაციის ხაზთან მიმდებარე სოფლებში წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მთავრობამ პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები დაამტკიცა
ოკუპაციის ხაზთან მიმდებარე სოფლებში წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მთავრობამ პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები დაამტკიცა

სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ოკუპაციის ხაზთან მიმდებარე სოფლებში, წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მთავრობამ პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები დაამტკიცა.

„ცვლილებები უკავშირდება ახალი, ინტენსიური თუ ნახევრად ინტენსიური ბაღების გაშენების შემთხვევაში, ჭით, ჭაბურღილებით და შესაბამისი სატუმბი სისტემებით უზრუნველყოფის შემთხვევაში თანადაფინანსებას, რასაც სახელმწიფოს მხრიდან განახორციელებს ჩვენი სამინისტრო. გვექნება 50%-იანი თანადაფინანსება ჭის, ჭაბურღილებისა და შესაბამისი სატუმბი მოწყობილობების დამონტაჟების შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ან 18 000 ლარის გრანტი. იმ შემთხვევაში, თუ ეს არის ინდივიდუალური განაცხადი, მაშინ მაქსიმალური თანადაფინანსების თანხა 15 000 ლარი შემოიფარგლება, მაგრამ თუ ეს არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მაშინ თანდაფინანსების თანხა იქნება 18 000 ლარი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ის, რომ ბაღები შენდება პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ის იყოს მაქსიმალურად დაცული კლიმატური რისკ-ფაქტორებისგან, საქართველოს მთავრობა წაახალისებს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟებას და თანადაფინანსებას.

„სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟებაზე მაქსიმალური თანადაფინანსების გრანტი 10% იქნება, თუმცა დანარჩენი თანხის დაფინანსება შესაძლებელია აგროკრედიტის ფარგლებში, რაც შეღავათიანი ფინანსური რესურსებით, თანამედროვე ტექნოლოგიების დამონტაჟების საშუალებას მისცემს მეურნეებს, რომლებიც ახალ ბაღებს აშენებენ, ან არსებული ბაღების მოდერნიზაციით არიან დაინტერესებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.