ოკეანის ფსკერზე 20 000 უძველესი ვულკანი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ამ დრომდე, დედამიწის მთლიანი ოკეანის ფსკერის ერთ-მეოთხედზე ნაკლებია დეტალურად აღწერილი, რაც წყალქვეშა სამყაროს შესახებ ჩვენს ცოდნაზე ძლიერ უარყოფითად მოქმედებს.
მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც კალიფორნიის სკრიპსის ოკეანოგრაფიიის ინსტიტუტის დედამიწის მეცნიერი ჯული გევორგიანი ხელმძღვანელობდა, ახალი თანამგზავრული მონაცემების საფუძველზე, 19 000-ზე მეტი წყალქვეშა მთა აღმოაჩინა.
როგორც გევორგიანი აღნიშნავს, ამდენი წყალქვეშა მწვერვალის აღმოჩენაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია.
„განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აცნობიერებ, რამდენად დიდია ეს ზღვის მთები და რომ მათ შესახებ აქამდე არაფერი იყო ცნობილი“.
ზღვის მთები ოკეანეში ვულკანური აქტივობის შედეგად წარმოიქმნება და სიმაღლეში შეიძლება 3-დან 10 კილომეტრამდე იყოს. მათი აღმოჩენა საკმაოდ ადვილია ჰიდროლოკატორით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ თავზე გემი გადაივლის.
უფრო რთულია პატარა, 2 კილომეტრზე ნაკლები სიმაღლის მთების აღმოჩენა, მაგრამ ისინი წარმოქმნიან შუაოკეანურ ქედებს, იქ, სადაც დედამიწის თხელ და დაბზარულ ქერქს ქვეშიდან მაგმა აწვება.
გასულ ათწლეულებში, წყალქვეშა მთების აღმოსაჩენად მეცნიერებმა თანამგზავრული მონაცემების გამოყენება დაიწყეს.
ზღვის ფსკერის წარმონაქმნთა რუკაზე დასატანად, ჰიდროლოკატორი ბგერის ტალღებს იყენებს, რომლებსაც ზღვის ფსკერისკენ უშვებენ, შემდეგ აირეკლებიან და უკან ბრუნდებიან. თანამგზავრული ალიმეტრია ამას არაპირდაპირი გზით აკეთებს, ზომავს მცირე ცვლილებებს ზღვის ზედაპირის სიმაღლეში, რაც დედამიწის ჩაძირული ქერქის ბორცვებიდან მომდინარე გრავიტაციულ მიზიდვას ასახავს. რაც უფრო დიდია ბორცვი, მით მეტად ექაჩება მისი გრავიტაციული ძალა ზემოთ არსებულ წყალს.
ამ მეთოდის გამოყენებით, გევორგიანმა და მისმა კოლეგებმა 19 325 ახალი წყალქვეშა ვულკანი გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ამავე ჯგუფის ორმა წევრმა 2011 წელს 24 643 სხვა ასეთი ვულკანი აღრიცხა.
ზოგიერთი ხარვეზის გასწორების შემდეგ, მათ მიერ აღმოჩენილმა წყალქვეშა მთების რაოდენობამ 43 454-ს მიაღწია, რამაც ჩვენთვის ცნობილ ასეთ მთათა რაოდენობა თითქმის გააორმაგა.
ახლად აღმოჩენილი მთების უმეტესობა ისეთია, რომ თანამგზავრული მონაცემებით მათი აღმოჩენა ძნელად ითვლებოდა. თუმცა, ბოლოდროინდელმა წინსვლამ გააუმჯობესა ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრ CryoSat-2-ისა და საფრანგეთ-ინდოეთის თანამგზავრ SARAL-ის დაფარვა და სიზუსტე, რამაც სურათი შეცვალა.
700-მდე მწვერვალი გევორგიანმა და მისმა კოლეგებმა განსაკუთრებით კარგი დაფარვის ზონაში აღმოაჩინეს; მათგან ყველაზე პატარა სიმაღლეში 421 მეტრია.
უმეტესობის სიმაღლე 700 მეტრზე მეტია, ზოგიერთი მათგანი კი ზღვის ფსკერიდან 2500 მეტრზეც არის აღმომართული. მკვლევრებმა განსაზღვრეს მთების ფორმებიც.
მეცნიერთა განცხადებით, ამ აღმოჩენამ უნდა გააღრმაოს ჩვენი ცოდნა ფილების ტექტონიკის, ვულკანიზმის, ოკეანის დინებების მოძრაობისა და საზღვაო სიცოცხლის შესახებ იმ ვრცელ ზონებში, რომლებიც აქამდე დიდწილად შეუსწავლელი იყო.
წყალქვეშა მთების გარშემო წყალი საკვები ნივთიერებებით მდიდარია და ნამდვილი სამოთხეა სიცოცხლისთვის. მათ ციცაბო კალთებს ოკეანის დინებები ურტყამს, რომლებსაც სითბო გადააქვთ. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მათი გეოლოგიის საფუძველზე ბევრს შეიტყობენ ფილების ტექტონიკის, მაგნეტიზმის და ძვირად ღირებული იშვიათმიწა მინერალების შესახებ.
„იმ გავლენიდან გამომდინარე, რაც წყალქვეშა მთებს ოკეანესა და ეკოსისტემებზე აქვთ, მნიშვნელოვანია მათი კვლევა და კლასიფიცირება“, — წერენ მკვლევრები.
მკვლევართა აზრით, ათასობით ასეთი მთა ჯერ კიდევ აღმოუჩენელია. 2011 წლის შეფასების მიხედვით, დედამიწაზე დაახლოებით 55 000 წყალქვეშა მწვერვალი უნდა იყოს. ახალი აღმოჩენის შემდეგ, ეს რიცხვი აშკარად გადახედვას საჭიროებს.
უფრო მეტი წყალქვეშა მთის საპოვნელად, სამზადისშია ახალი მისიები, მაგრამ პატარა მთების დაფიქსირება არც ისე ადვილია. მათ შეიძლება ფარავდეს დანალექები, ახლომდებარე სხვა წარმონაქმნები, ოკეანის ტურბულენტური დინებები.
კვლევა Earth and Space Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.