სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის, ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების ახალი წესი დაამტკიცა. დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გუშინ გამოქვეყნდა და მას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ცვლილება ეხება სურსათის-ცხოველის საკვების, ასევე პირველადი პროდუქტის ყველა მწარმოებელს, თუ ოჯახი ფლობს ან-და აწარმოებს ერთ-ერთს მაინც ჩამოთვლილთაგან: არაუმეტეს 300 ფრთა ფრინველი და მისგან წარმოებული ხორცი, კვერცხი; არაუმეტეს 10 ფუტკრის სკა და მისგან წარმოებული თაფლი; არაუმეტეს 30 სული ბოცვრისნაირი და მისგან წარმოებული ხორცი.
აგრეთვე ცვლილებას ექვემდებარება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებული მსხვილფეხა საქონლისგან მიღებული რძე და რძის ნაწარმი, იმ შემთხვევაში, თუ ამ მსხვილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება ხუთ სულს; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებული წვრილფეხა საქონლისგან მიღებული რძე და რძის ნაწარმი, იმ შემთხვევაში, თუ ამ წვრილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება 15 სულს; არაუმეტეს ორი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე წარმოებული სურსათი, ცხოველის საკვები.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახური წარმოების სუბიექტი ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ის ვალდებულია, შეასრულოს შემდეგი მითითებები: რეგისტრაცია გაიაროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში, შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციო და საიდენტიფიკაციო-სარეგისტრაციო ღონისძიებების განსახორციელებლად; ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელებისას. ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველთა გადარეკვა, გადაზიდვა და რეალიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; უზრუნველყოს ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით; გადამდები დაავადებების, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს; შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად; შეასრულოს სააგენტოს მითითებები იმ მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის მცენარის სიჯანსაღეს; ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას; საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან მათ შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.
დადგენილების მიხედვით, ოჯახური წარმოების სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო. აგრეთვე, სააგენტო ქმნის და აწარმოებს მონაცემთა ერთიან ბაზას, რომელიც მოიცავს ოჯახური წარმოების სუბიექტის შესახებ შემდეგ ინფორმაციას. რეგისტრაციისას სააგენტო ოჯახური წარმოების სუბიექტს ანიჭებს რეგისტრაციის ნომერს, რომელიც არის ფიზიკური პირის პირადი ნომერი.
აღნიშნული წესით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისთვის პირი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აგებს პასუხს.