ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებულ პირებს შესაძლოა, ციხიდან სატელეფონო ზარების განხორციელება შეეზღუდოთ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ოჯახური ძალადობის პრევენციისთვის პარლამენტს ახალი ინიციატივით მიმართავს.
კახიშვილის თქმით, ინიციატივა ციხიდან ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულების მიერ ოჯახის წევრებთან განხორციელებული სატელეფონო ზარების მონიტორინგს ეხება.
„არამხოლოდ შემაკავებელი ორდერებია დასახვეწი, არამედ სატალეფონო ზარების საკითხიც… ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენთან წერენ განცხადებას ქალბატონები, ყოფილი და მოქმედი მეუღლეების თაობაზე, რომ რამენაირად გაკონტროლდეს ამ ადამიანების მხრიდან არასასურველი სატელეფონო ზარები. ამის დარეგულირების სამართლებრივი ბერკეტი ამ ეტაპზე არ არსებობს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
მისი თქმით, თუ ამ კუთხით სამართლებრივი მექანიზმები ამუშავდება, შესაძლებელი გახდება, არასასურველი სატელეფონო ზარების შეზღუდვა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით ქალბატონები. ჩვენ ვხედავთ რამდენად მძიმე ვითარებაა ამ კუთხით. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ყველა უწყება კოორდინირებულად უნდა მუშაობდეს რისკების შეფასებაზე, პრევენციაზე და რა თქმა უნდა, ეს მექანიზმები უნდა იყოს დახვეწილი, რაც ყოველ მხრივ დაეხმარება და ხელს შეუწყობს ოჯახური ძალადობის პრევენციას.“ – განაცხადა კახიშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ინიციატივის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.