ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო სერვისებისა და ცხელი ხაზების შესახებ ინფორმაცია სააფთიაქო ქსელებსა და მაღაზიებშიც განთავსდება, მათ შორის, უმცირესობების ენებზე
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო სერვისებისა და ცხელი ხაზების შესახებ ინფორმაცია სააფთიაქო ქსელებსა და მაღაზიებშიც განთავსდება, მათ შორის, უმცირესობების ენებზე

ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება, – ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისია, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების კამპანიას განაგრძობს. შემუშავდა „კოვიდ-19“-ის კრიზისის დროს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკომუნიკაციო სტრატეგიაც.

„კამპანიის მთავარი ამოცანაა, შესაბამის ადრესატებამდე ინფორმაციის მიტანა იმ სერვისებისა და დახმარების შესახებ, რასაც სახელმწიფო ძალადობაგამოვლილ ადამიანებს სთავაზობს; ასევე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შეტყობინების ალტერნატიული გზების შეთავაზება და საზოგადოების ჩართვა კრიზისის დროს ძალადობის გამოვლენაში.

კამპანიის ფარგლებში საქართველოს მთავრობის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისიისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობით, საკარანტინო სასტუმროებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება ინფორმაცია, როგორც საკონსულტაციო და გადაუდებელი ცხელი ხაზების, ასევე თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების შესახებ“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, კრიზისისას იმატებს ძალადობის რისკი. „შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დაბრუნებულ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე სახელმწიფოში არსებული სერვისების შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, კამპანიის ფარგლებში, ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული სერვისებისა და ცხელი ხაზების შესახებ მომავალი კვირიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სააფთიაქო ქსელებსა და მაღაზიებშიც განთავსდება. პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით, საკომუნიკაციო კამპანია ითარგმნება ეთნიკური უმცირესობების ენებზეც.