ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართება
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართება

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით დღეს საქართველოს დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართება.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს მცირე პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა საზეიმო ლოცვითი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართება ქალაქ მცხეთაშიც.

„12:00 საათზე თეატრონის ტერიტორიაზე მცხეთის მუნიციპალიტეტიდან შეკრებილი მოსახლეობა გამართავს მსვლელობას სვეტიცხოვლის ტაძრისკენ და 13:00 საათზე სამღვდელოება გადაიხდის სავედრებელ პარაკლისს“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის  ცნობით, 12:00 საათზე ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში შეიკრიბება მრევლი. შეკრებილები მოაწყობენ მსვლელობას ზუბალაშვილის ქუჩიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის გავლით და ბათუმის განმათავისუფლებელ მეომართა საფლავთან (იუნკერთა საფლავი) სამღვდელოება გადაიხდის პარაკლისს.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო მსვლელობა მოეწყობა ქუთაისშიც.

„12:00 საათზე წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძართან (ქუთაისის ცენტრალური მოედანი) შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი გაემართება წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით, სადაც შესრულდება სამშვიდობო პარაკლისი“,- აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ამასთან, ქალაქ რუსთავშიც, 09:00 საათზე გაიმართება ლოცვითი მსვლელობა გმირთა მოედნიდან იუსტიციის სახლამდე, საიდანაც მონაწილეები ავტობუსებით შეუერთდებიან თბილისში, ქაშვეთთან დაგეგმილ მთავარ ღონისძიებას.