ოჯახის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის ინფორმაციით, ამ წუთებში ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მათი თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებულ ცხინვალში მყოფმა სახაზინო ადვოკატმა მიაწოდათ.
ქართული მხარე ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით შეიტყობს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ე.წ. სასამართლო საქართველოს მოქალაქის დაკავებიდან მეშვიდე თვეს.
„სახაზინო ადვოკატმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ დღეს 11:00 საათზე ჩანიშნულია პროცესი. როგორც ვიცი, პროცესი მიმდინარეობს და სავარაუდოდ დასრულების შემდეგ ადვოკატი მოგვაწვდის ინფორმაციას. სუს-მაც დაგვიდასტურა, რომ პროცესი დღესაა. ექვსი თვის შემდეგ პირველად იმართება სასამართლო. პატიმრობის ვადა ორჯერ გაუხანგრძლივდა და ახლა ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ბუნებრივია, არ ვფიქრობთ, რომ დარბაზიდან გაათავისუფლებენ, თუმცა იმედს არ ვკარგავთ. წითელი ჯვარს გადავეცით ამანათი 28 დეკემბერს, მაგრამ ამ დრომდე არ მიეცათ ამანათის გადაცემის შესაძლებლობა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზმა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაიჭრა. ზაზა გახელაძეს გასული წლის 24 დეკემბერს წინასწარი პატიმრობის ვადა მეორედ, ორი თვით გაუხანგრძლივდა.