ოჯახი აცხადებს, რომ გამოძიებამ თემირლან მაჩიკაშვილის პირადი ნივთები დაუბრუნა
თემირლან მაჩიკაშვილის საქმის გამოძიების შეწყვეტიდან წელიწადნახევარი გავიდა და გამოძიებამ ოჯახს მისი პირადი ნივთები დაუბრუნა.
საქმის სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ამ საქმეზე მომუშავე სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც ბრიფინგზე მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, გენერალურმა პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის დროს ამოღებული ნივთები ოჯახს სრულად დაუბრუნა. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე და მის მიმართ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც და პროკურატურამაც.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მართალია, ოჯახს გადაეცა თემირლან მაჩალიკაშვილის პირადი მობილური ტელეფონი, თუმცა მოწყობილობაში სოციალური ქსელის აპლიკაციებზე წვდომა არ არის.
ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ წლების განმავლობაში შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იყო ფულადი თანხა, რომლის წარმომავლობის დადგენასაც ცდილობდა გამოძიება და ასევე, უნდა დადგენილიყო შესაძლო კავშირები ახმედ ჩატაევის დაჯგუფებასთან. ოჯახის წევრების განცხადებით, სუს-ის გადაწყვეტილებით, მათ თანხა დაუბრუნდათ. მათი თქმით, სუს-ის გადაწვტილება ადასტურებს იმას, რომ ახმედ ჩატაევთან ან მის დაჯგუფებასთან კავშირი მაჩალიკაშვილს არ ჰქონია და არც მისი ფინანსური მხარდაჭერით უსარგებლია.
როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, ოჯახი ამ დრომდე ელოდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის და არაეფექტიანი გამოძიების საქმეზე. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლოს წარმოება უკვე დასრულებული აქვს და გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.
„ეს იყო მცდელობა მთელი პანკისის და ქისტების ტერორიზმში დადანაშაულების. დააჯერეს ხალხს, რომ თემირლანს ერიცხებოდა თანხები, ხდებოდა ტრანზაქციები ჩატაევის მიმართ. ეს ჩემი ქალიშვილის დანაზოგი იყო გერმანიიდან, ემიგრაციიდან და შრომით ჰქონდა შეგროვებული ეს თანხები და ამ ფულზე ამბობდნენ თითქოს ჩატაევისგან იყო. ამ ტელეფონშია ჩვენი ცხოვრება. დღეს აქედან ამოშალეს ფეისბუქი, რადგან აცხადებდნენ, რომ რაღაცები ჰქონდა ატვირთულიო და ტყუილი იყო ეს, თითქოს ვოთსაფში საუბრობდა აფეთქებებზეო“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.