ოფიციალური ფხენიანი დონალდ ტრამპის სეულში გამოსვლას ეხმაურება
ოფიციალური ფხენიანი დონალდ ტრამპის სეულში გამოსვლას ეხმაურება

ოფიციალური ფხენიანი სეულში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლას ეხმაურება.
როგორც CNN-ს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უთხრეს, ისინი არ აპირებენ ტრამპის მიმართვა ყურად იღონ.

ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, არ აინტერესებთ რას ამბობს „ცოფიანი ძაღლი“, რადგან უკვე საკმარისი მოისმინეს.

ფხენიანი ტრამპს და შეერთებულ შტატებს ნახევარკუნძულზე არსებული კრიზისის გამწვავებაში სდებს ბრალს. მათი თქმით, კორეაში დაძაბულობა ასეთი სიმძაფრის 1953 წელს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ არ ყოფილა. მათი განცხადებით, მნიშვნელობა აქვს ქმედებებს და არა სიტყვებს.

„აშშ ბირთვული ავიაგადამზიდებითა და სტრატეგიული ბომბდამშენებით გვემუქრება. ისინი ჩვენს მოთმინებას პროვოკაციებით ცდიან. ჩვენ ამას სამართლიანობის ძალით აღვუდგებით წინ“, – აცხადებენ ფხენიანში.
სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორეის ეროვნულ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკა მზადაა, თუ საჭირო გახდა, შეიარაღების სრული შემადგენლობა გამოიყენოს საკუთარი და მოკავშირეების უსაფრთხოების დასაცავად.

„დღეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის არ ვსაუბრობ. ამას ყველა ცივილიზებული ქვეყნის გასაგონად ვამბობ. მივმართავ ჩრდილოეთ კორეას: ჩვენს შესაძლებლობებს საკმარისად არ აფასებთ. ნუ ცდით ჩვენს მოთმინებას“, – განაცხადა ტრამპმა.

 

ავტორი: თეი კანაშვილი