ღაზის სექტორისა და ისრაელის საზღვარზე მიმდინარე დაპირისპირების გამო, ოფიციალური თელ-ავივი ღაზის სექტორის თევზსაჭერ ზონას ამცირებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ავიგდორ ლიბერმანის თქმით, ცვლილების მიზანი ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორის თევზსაჭერი ზონის შემცირება 5 ოქტომბერს მომხდარი დაპირისპირების გამო გადაწყვიტა. პარასკევს, უკვე ტრადიციად ქცეულ დემონსტრაციაზე პალესტინელები საზღვართან შეიკრიბნენ. აქცია კი კვლავ ისრაელელ სამხედრო მოსამსახურეებსა და არაბებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. არეულობის დროს სამი პალესტინელი დაიღუპა, 370-ზე მეტი კი დაშავდა.
დაღუპულებიდან ერთი 12 წლის მოზარდი იყო. ისრაელის მხარის ცნობით, დემონსტრაციაში მონაწილეობა 20 ათასმა პალესტინელმა მიიღო.
ღაზის სექტორის საზღვართან დემონსტრაციები უკვე რადენიმე თვეა გრძელდება. „დაბრუნების დიდი აღლუმის“ სახელით ცნობილი აქციები ყოველ პარასკევს იმართება. მასში ათასობით პალესტინელი იღებს მონაწილეობას.
პალესტინელები 1948 წლის ომის დროს დაკარგულ ტერიტორიაზე უფლებების აღდგენასა და ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორზე არსებული ბლოკადის შემსუბუქებას ითხოვენ.
მასშტაბური დემონსტრაციები კი ხშირად პალესტინელებისა და ისრაელელი ჯარისკაცების შეტაკებებით სრულდება.