„ოფიცერთა სახლის“ სარდაფის ყოფილი მფლობელი აცხადებს, რომ პანოს მოვლის ვალდებულება ხელშეკრულებით არ ჰქონია
„ოფიცერთა სახლის“ სარდაფის ყოფილი მფლობელი აცხადებს, რომ პანოს მოვლის ვალდებულება ხელშეკრულებით არ ჰქონია

რუსთაველის გამზირის #16-ში მდებარე „ოფიცერთა სახლის“ სარდაფის ყოფილი მფლობელი კომპანია „შემოქმედებითი ცენტრი ერისიონის“ დირექტორი ალექსანდრე ნარსია ამჟამინდელი მფლობელის „ბესთ ბრენდ გრუპის“ ბრალდებას, რომ ობიექტის შეძენისას ისტორიული პანო უკვე დაზიანებული იყო, უარყოფს.

ნარსია აცხადებს, რომ მათ სარდაფში სარემონტო სამუშაოები მათ არ ჩაუტარებიათ. ნარსიას მიერ მოწოდებულ ფოტოებში, რომელიც საჯარო რეესტრშია დაცული, ჩანს, რომ კედლის მხატვრობის ფრაგმენტები სარდაფში შემორჩენილი იყო. 

ალექსანდრე ნარსია აცხადებს, რომ ობიექტის გაყიდვისთანავე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართა და ამის შესახებ შეატყობინა.​ ნარსიას თქმით, კომპანიამ შენობის გაყიდული ნაწილის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა. ნარსია პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებს, რომ შენობის ნაწილი 2017 წლის მარტში შეიძინა და ივლისში გაყიდა.

მისი თქმით, ხელშეკრულება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის მოვლა-პატრონობაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გაყიდვამდე, მაისში გაუფორმა, თუმცა ამ კონტრაქტის მიხედვით, მასში არ არის ჩაწერილი, რომ მფლობელს პანოსთვის ან რამე მსგავსი ხელოვნების ნიმუშისთვის უნდა მოევლო.

ნარსიას თქმით, „შემოქმედებითმა ცენტრმა ერისიონმა“ ფართი კომპანია „თურქს“ მიყიდა, კომპანიამ სახელი მალევე შეიცვალა და დღეს „ბესთ ბრენდ გრუპის“ სახელს ატარებს. მისი მფლობელები აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეები არიან.

„ოფიცერთა სახლის“ სარდაფში განთავსებული კირილე ზდანევიჩის მიერ 1919 წელს მოხატული კედლის პანოს განადგურების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.

ამჟამინდელი მფლობელის „ბესთ ბრენდ გრუპის“ წარმომადგენელმა გელა ლეკიშვილმა გუშინ პირველ არხს განუცხადა, რომ ობიექტის შეძენისას პანო მას არ დახვედრია.