რუსთაველის გამზირზე,  სავაჭრო ობიექტის სარდაფში  ძმებ ზდანევიჩების ისტორიული პანო განადგურებულია
რუსთაველის გამზირზე, სავაჭრო ობიექტის სარდაფში ძმებ ზდანევიჩების ისტორიული პანო განადგურებულია

თბილისში, ყოფილ „ოფიცერთა სახლში“ განთავსებული სავაჭრო ობიექტის სარდაფში არსებული პანო, რომელიც პოლონელ მხატვრებს ძმებ ზდანევიჩებს ეკუთვნოდათ, სრულიად განადგურებულია. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ.

სარდაფი სპეციალისტებმა დაათვალიერეს. კვლევის პროექტის მონაწილე რესტავრატორის სანდრო რუბაშვილის თქმით, სრულიად წაშლილია და აღდგენას არ ექვემდებარება 20 კვ.მ. ფართობის კედელი, რომელზეც ისტორიული პანო იყო განთავსებული.

ინფორმაციაზე პირველადი რეაგირება ზედამხედველობის სააგენტომ მოახდინა, რომელიც სავარაუდოდ, მომხდარ ფაქტზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. კვლევის პროექტი ორი წლის წინ მომზადდა.

მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ადგილზე მივიდა, განაცხადა, რომ დამნაშავეები სათანადოდ უნდა დაისაჯონ. როგორც ზურაბიშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში აღნიშნა, ტერიტორიის დათვალიერება დიდი ხანია, ჩაფიქრებული ჰქონდა, თუმცა ვერ მოასწრო და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მომხდარის შესახებ მან შეატყობინა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე მომხდარს ვანდალურს უწოდებს და აცხადებს, რომ ფაქტი დაუსჯელი არ დარჩება. ანთიძე ადასტურებს, რომ ძეგლი ამ დროისთვის სრულიად განადგურებულია და უწყება სამარათალდამცავ ორგანოებს დღესვე მიმართავს.