OECD-ის ანგარიში - საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი მაღალია, მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა კი - გამოწვევა
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის, SME Policy Index-ის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ რეკომენდებულ ზღვარს, კერძოდ, მთლიანი ეროვნული შემოსავლის 2%-ს აღემატება და 2.35%-ს შეადგენს. ამასთან კი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემა წარმოადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კვლევის თანახმად, საქართველოში ინტერნეტთან დაკავშირებული კომპანიების უმრავლესობა 30 მბ/წმ-ზე დაბალი სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობს.
„OECD-ის თანახმად, მსხვილი კომპანიების თითქმის 80%-ს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე (30 მბ/წმ-ზე მეტი) აქვთ წვდომა, საშუალო კომპანიებისთვის ეს მაჩვენებელი – 54%-ს, მცირე კომპანიებისთვის კი 38%-ს შეადგენს. აღნიშნული არაპროპორციული გადანაწილება და არათანაბარი გარემო, კვლევის მიხედვით, ქვეყნის განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემების შედეგია ის, რომ ქვეყანაში ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი OECD-სა და ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.
სტატიაში, ასევე, ყურადღება გამახვილებულია იმ პოზიტიურ ცვლილებებზეც, რომლებიც საქართველოს ხელმისაწვდომობის კუთხით უკვე აქვს, კერძოდ: 2015-2020 წლებში გაორმაგებულია ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებლების რიცხვი, მიმდინარეობს სამუშაოები ქვეყნის 99%-ის 4G ინტერნეტით დაფარვისთვის, კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს მოქალაქეებში ციფრული წიგნიერების განვითარების მიმართულებით და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ციფრული უნარ-ჩვევების განმავითარებელ სემინარებს სრულიად უფასოდ ატარებს.
დასკვნის სახით, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს უკვე მიაღწია, ამ მიმართულებით გამოწვევები კვლავ არსებობს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაძლიერების, ასევე ინვესტიციებისა და ინოვაციების ზრდისთვის, რათა მომხმარებლებმა უფრო სწრაფი ინტერნეტის მიღება შედარებით დაბალ ფასად შეძლონ“ ,- აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.