Odoxa-ს გამოკითხვის მიხედვით, საფრანგეთში ულტრამემარჯვენეებმა, შესაძლოა, ვადამდელ საპარალმენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვონ
საფრანგეთში ულტრამემარჯვენეებმა, შესაძლოა, ვადამდელ საპარალმენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვონ. ამის შესახებ აღნიშნულია ფრანგული კვლევითი კომპანიის, Odoxa-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში.
გამოკითხვების თანახმად, ულტრამემარჯვენეებს, შეიძლება, ჰყავდეთ 250-დან 300-მდე წარმომადგენელი ეროვნულ ასამბლეაში, სადაც აბსოლუტური უმრავლესობისთვის 289 მანდატის მოპოვებაა საჭირო.
გამოკითხვის მიხედვით, „ეროვნული გაერთიანების“ პარტია, რომლის არაფორმალური ლიდერია მარინ ლე პენი, 30 ივნისს კენჭისყრის პირველ ტურში მიიღებს ხმების 33 პროცენტს, მემარცხენე-მწვანე კოალიცია სახელწოდებით „ახალი სახალხო ფრონტი“ კი – 28 პროცენტს. ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ლიბერალური ბანაკი ხმების 19 პროცენტს მიიღებს.
მაკრონმა პარლამენტი 9 ივნისს, ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ დაითხოვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები 30 ივნისს (პირველი ტური) და 7 ივლისს (მეორე ტური) გაიმართება. პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილების შემდეგ მაკრონის რეიტინგი ექვსი პუნქტით დაეცა.