ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთმა ყირიმის პორტიდან შავ ზღვაში ოთხი წყალქვეშა ნავი შეიყვანა
რუსეთმა ყირიმის პორტიდან შავ ზღვაში ოთხი წყალქვეშა ნავი შეიყვანა. აღნიშნულის შესახებ ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სერგეი ბრატჩუკმა განაცხადა.
„ღამემ ოდესასა და რეგიონში დაბომბვის გარეშე ჩაიარა, თუმცა საჰაერო თავდასხმის სიგნალებით. თავდაცვის ძალები საიმედოდ აკონტროლებენ სიტუაციას, ასევე ახორციელებენ კონტრდივერსიულ სამუშაოებს… ჩვენ ვიცით, რომ მტერმა შავ ზღვაში პატრულირების მიზნით ოთხი წყალქვეშა ნავი გაგზავნა, რომლებიც საკრუიზო რაკეტებით, „კალიბრით“ არიან აღჭურვილი. ამიტომ, სარაკეტო დარტყმის ალბათობა მაღალი რჩება“, – განაცხადა ბრატჩუკმა.
ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დაამატა, რომ საუბარია პროექტ „პალტუსის“ რუსულ წყალქვეშა ნავებზე, რომლებსაც შეუძლიათ რაკეტების გაშვება 50 მეტრამდე სიღრმიდან, რაც რადარებს და თანამგზავრებს არ აძლევს მათი ეფექტურად დაფიქსირების საშუალებას.
ბრატჩუკმა ასევე მოუწოდა რეგიონის მოსახლეობას, 23-24 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, დაიცვან საჰაერო უსაფრთხოებისა და კომენდანტის საათის მოთხოვნები.