ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფს ერთ-ერთი მშენებარე ობიექტის გადაღების დროს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც ტელეკომპანია „ობიექტივის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი კასრაძემ „პირველ არხს“ განუცხადა, ჟურნალისტსა და ოპერატორს ნინო ლორჩოშვილსა და დავით მახარაძეს სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ და საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
„ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს გადამღებ ჯგუფს სასტუმრო King Edward-ის მფლობელმა მაშინ მიაყენა, როცა ისინი ტერიტორიის სიახლოვეს მიმდინარე მშენებლობას იღებდნენ.
მშენებარე სასტუმრო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უკან მდებარეობს. როგორც აღმოჩნდა, მშენებლობა სასტუმროს მეპატრონის მეუღლის სახელზეა გაფორმებული. მშენებლობის ნებართვა არ არსებობს. ამ მშენებლობის გადაღების დროს, სასტუმროს მფლობელი და მისი ვაჟი გამოუვარდნენ ჩვენს ჟურნალისტებს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, – განაცხადა კასრაძემ.
გიორგი კასრაძის თქმით, ისინი გამოძიების ობიექტურად წარმართვას ითხოვენ და შიშობენ, რომ შესაძლოა, სასტუმროს მფლობელმა მომხდარის ამსახველი ვიდეოჩანაწერი წაშალოს, რის გამოც ინცინდენტის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველებიც.