ნუნუ მიცკევიჩი - თითოეული სტუდენტი, ლექტორი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვალდებულია, ატაროს პირბადე, დაიცვას ჰიგიენის წესები, დისტანცია
დღეიდან, თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მათივე გადაწყვეტილებით, აღადგინოს სააუდიტორიო მეცადინეობა, თეორიული კომპონენტის სწავლა-სწავლების პროცესი, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, უნივერსიტეტებს მიეცათ საშუალება, გადაწყვეტილება მიიღონ მათი უფლებამოსილების ფარგლებში.
„ჩვენ როგორც ვართ ინფორმირებული, მათ კითხვარების საშუალებით ჰქონდათ კომუნიკაცია თავისივე სტუდენტებთან და ეს გადაწყვეტილება მიღებულია საერთო საუნივერსიტეტო საზოგადოების მიერ. როგორც აკადემიური სექტორის, ასევე სტუდენტის და ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ. თვითონ უნივერსიტეტმა უნდა განახორციელოს თვითშეფასება, რამდენად უზრუნველყოფს რეკომენდაციის შესრულებას და ამასთან ერთად, რა ხარისხით მიმდინარეობდა მათთან ონლაინსწავლება. ამ შეჯერებული ბალანსით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება უსაფრთხოებისა და სწავლების ხარისხის შეჯერების საფუძველზე. თითოეული სტუდენტი, ლექტორი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვალდებულია, ატაროს პირბადე, დაიცვას ყველა ის ჰიგიენის წესი, დისტანცია, რომელიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სისტემის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესაბამისად“, – განაცხადა მიცკევიჩმა.