ნუკრი ქანთარია - სააკაშვილს გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად ვხედავ, რომელიც კერავს ქუდებს, ხელთათმანებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ კანონი ყველა შემთხვევაში უნდა აღსრულდეს, რადგან მის მიმართ სასამართლოს გამოტანილი აქვს განაჩენი.
როგორც ჟურნალისტებს ქანთარიამ განუცხადა, სააკაშვილის მიმართ კანონის აღსრულებას საზოგადოების დიდი ნაწილი აქამდეც ითხოვდა.
„თუმცა, მისი ფანებიც არიან და ისინი დაღონებული იქნებიან. მგონია, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების თაობაზე განცხადება კომედიურ ჟანრს სცდილდება, ფსიქიატრიულის განხრით მიდის. სინანულით მინდა, ვთქვა, რომ ამ დაწესებულებაში პრემიერებიც არიან, პრეზიდენტებიც, პროკურორებიც, მაკედონელებიც და ნაპოლეონებიც. ამ არეალში შეიძლება ამის განხილვა, მაგრამ მგონია, რომ ეს აკვიატება მალე გაივლის და მომავალში სააკაშვილს გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად ვხედავ, რომელიც შრომისმოყვარე კაცია, რომელიც კერავს ქუდებს, ხელთათმანებს“, – განაცხადა ქანთარიამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ბრუნდება. გუშინ კი, საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ დღეს დაბრუნების გეგმას წარადგენს. ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.