როცა მთელი მსოფლიო, ევროპა და ამერიკა რუსეთს აწვებიან, აქედან ცოტა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ იმის, რომ როცა დიდი ბიჭები ერთ დიდ ბიჭს აწვებიან და მათ პატარაც გვერდზე მიუახლოვდება, შეიძლება, მოტრიალდეს და თქვას, შენ მაინც გიტირებ ყოფასო, – ამის შესახებ პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განუცხადა.
ნუკრი ქანთარიამ კომენტარი გააკეთა ჟენევის მოლაპარაკებების თაობაზე რუსეთის საგარეო უწყების განცხადების შესახებ, ასევე ისაუბრა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზეც.
დეპუტატის თქმით, საქართველო რთულ პერიოდშია და ქვეყანას დიპლომატიის გახსენება მართებს, რითაც აქამდე მოვიდა.
„თავიდანვე ვამბობდი, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება ძალიან დროული და გარკვეული ბიძგის მიმცემი იყო, რაც გარკვეულ სივრცეს ხსნიდა. იმასაც ვამბობდი, რომ რეზოლუცია, სადაც ყველაფერი ჩავტიეთ, რაც ჩვენ გვაწუხებდა, შეიძლება საბაბი გამხდარიყო, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო და გაკეთდა კიდეც. არ მგონია, რომ ამას დიდი გამოცანა სჭირდებოდა. მათ ეს საბაბი ჰქონდათ. მათ პირდაპირ ეუბნები, რომ თქვენ ტატუნაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა აიღეთ, რა თქმა უნდა, არ აიღებს. ეს ხომ ვიცით? მგონია, რომ რეზოლუცია კონცენტირებული ერთ საკითხზე უნდა ყოფილიყო და არა ყველაფერზე, რომ მოვითხოვთ, გავიდეს ეს, გაკეთდეს ეს, ხელი აიღე აღიარებაზე და ა.შ. მათთვის გარკვეული საბაბი არ უნდა მიგვეცა. ურთულესს ვითარებაში ვართ და ცოტა რუსეთ-საქართველოს ისტორიაც უნდა გავიხსენოთ, არა მხოლოდ 21-ე საუკუნის. რთულ პერიოდში ვართ და დიპლომატიის გახსენება გვმართებს, რითაც აქამდე მოვედით და ცოცხლები ვართ, როგორც ერი“, – აცხადებს ქანთარია.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ პარლამენტის რეზოლუციაში საუბარი მხოლოდ ტატუნაშვილის საქმეზე უნდა ყოფილიყო.
„მცდელობა უნდა ყოფილიყო იმის, რომ საგამოძიებო ჯგუფები დაშვებულიყო. არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად ასე იქნებოდა. შესაძლებელია, სხვა საბაბები მოეგონებინათ, მაგრამ ის საბაბები ყველასთვის მოგონილი იქნებოდა. ამ შემთხვევაში რუსეთი ამბობს, აგერ კაცო, პრემიერმა სულ სხვა სულისკვეთების განცხადება გააკეთა, თქვენ – სხვა, ამიტომ ჩამოყალიბდითო. რუსეთზე განცხადება საქმიანი უნდა იყოს. რასაც დავწერთ, იმის შესრულების ბერკეტი და რეალობა უნდა არსებობდეს. ის, რომ რუსეთი ამ ყველაფერს უკან წაიღებდა და იტყოდა, რომ კი ბატონო, ჩვენ ოკუპანტები და დამნაშავეები ვართ, ამას არ იზამდა და ეს ხომ გასაგები იყო? თუ ამას ისტორიისთვის ვწერთ, რომ ქაღალდზე დარჩეს და შთამომავლობამ იცოდეს, ეს მეორე საკითხია და შეგვიძლია, უფრო მწვავე განცხადებები გავაკეთოთ. თუ გვინდა, რაღაც ბიძგი ვცადოთ, რაც შესაძლებელია უშედეგო იყოს, მაგრამ 43-ე შეხვედრა გაიმართა და არსით ხმა, არსით ძახილი. რაღაც პერიოდში შეიძლება, ეს უშედეგობა გვაწყობდა, რადგან მთავარი იყო, უარესობისკენ არ წავსულიყავით, მაგრამ ახლა ის დრო დადგა, რაღაც სივრცე და რაღაც მეცადინეობა საჭიროა“, – აღნიშნავს დეპუტატი.
კითხვაზე, თუკი რეზოლუციის თაობაზე მსგავსი განწყობა ჰქონდა, დოკუმენტს მხარი რატომ დაუჭირა, ქანთარია აცხადებს: „რეზოლუციას მხარი დავუჭირე, რადგან დოკუმენტში ტყუილები კი არ წერია, თუმცა მაშინვე ვთქვი, რომ ეს ის სიტუაცია არ არის, მოითხოვე და მოგეცემა. მაშინვე ვთქვი, რომ იქნებ, მივმართავთ მაინც ჩავწეროთ და არა მოვითხოვთთქო, რადგან მათ გაცილებით მეტი საბაბი ექნებათ და ამ საბაბებს ნუ ვუქმნითთქო. ორი კვირა უნდა დაგვეცადა, რეზოლუცია კონკრეტულ საკითხზე მიგვეღო, რადგან ვიცოდით, რომ ორ კვირაში ჟენევის მოლაპარაკებები იწყებოდა და შემდეგ შეიძლება ისტორიისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიმართვაც მომხდარიყო. სულ ვამბობდი, რომ რეზოლუცია რეალობიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე გვაქვს, რათა ეს არ გამოვიდეს -„ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“, რომელსაც საბაბად გამოიყენებს მხოლოდ რუსეთი“, – ამბობს ქანთარია.
რაც შეეხება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გაუქმებაზე რუსეთის მოთხოვნას, ქანთარია აცხადებს, რომ ამის გაკეთება წარმოუდგენლად ეჩვენება. „ჩვენ ყველაფერზე თავი კი არ უნდა დავხაროთ, პრაქტიკული საქმიანი მიზნები უნდა დავისახოთ. ის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების კანონი გაუქმდეს, ვერ მოხდება, ვერც ის მოხდება, რომ მოდით, დავივიწყოთ, რაც იყო, აგერ არის ცხინვალისა და სოხუმის რეგიონები და ესენი თავისთვის იყვნენთქო. ამას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ მცდელობები საქმიანი უნდა იყოს, თუნდაც პატარა ბიძგები მაინც გავწიოთ“, – განაცხადა ქანთარიამ.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ, რომელიც 27-28 მარტს გაიმართა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მიუხედავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის იმედისმომცემი განცხადებისა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის სურვილი ჰქონდა, თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა პროპაგანდისტულ აქციად აქციეს“.
ამასთან რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, საქართველომ დაიწყოს დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი.