ნუკრი ქანთარია - „ნაციონალები“ რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ხომ გადაწამლავენ მთელ საქართველოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, როგორც ინფორმაცია აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ ორმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში, იატაკზე ჯერჯერობით გაურკვეველი შემცველობის ხსნარი დაასხა.
„როგორც თქვეს, ეს „ნაციონალებმა“ გააკეთეს. ესენი რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ხომ გადაწამლავენ მთლიანად მთელ საქართველოს. მე არ დამინახავს, მაგრამ მითხრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორმა დეპუტატმა, ორმა ქალბატონმა დაასხა რაღაცა ხსნარი იატაკზე. ძალიან არასასიამოვნო სუნი იყო. გამოჩნდება, რა არის, რა შემცველობისაა. ფაქტი ერთია, ხალხი, რომელიც ამაზე მიდის, ის ხელისუფლებაში მოსასვლელი არ არის“ ,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ქანთარია ამბობს, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს აუცილებლად გაგრძელდება.
„ცოტა განიავდება და დავიწყებთ. სხდომა აუცილებლად ჩატარდება“ ,- დასძინა ქანთარიამ.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტს უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.