ნუკრი ქანთარია - მინისტრები მოპედებზე ვერ გადავლენ, მაგრამ 100 ათასიანი მანქანებით სიარული საჭირო არ არის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას მოსაზრებით, 100 ათასიანი მანქანებით სიარული საჭირო არ არის და მინისტრებმა თანხები უნდა დაზოგონ. ჟურნალისტებთან საუბარში ნუკრი ქანთარია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ე.წ. პერსონალურ ავტომანქანებთან დაკავშირებულ ახალ ინციატივას მთავრობის მომავალ სხდომაზე წარადგენს.
„ჯიპი“ შავი იქნება, ყვითელი თუ წითელი, ამას მნიშვნელობა აქვს? – მგონი, ფერს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ავტომობილებისთვის რა ხარჯებია გათვალისწინებული და ამას სახელმწიფომ რამდენად იტანს და უნდა აიტანოს? არ ვიცი, ფინანსთა სამინისტრომ მანქანებში რამდენი გადაიხადა, ალბათ, ამას სახელმწიფო აუდიტის სამსახური გაარკვევს, მაგრამ მაშინ მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრი არ იყო და ალბათ, ახლა სხვა თვალით უყურებს. მინისტრები მოპედებზე ვერ გადავლენ, მაგრამ გარკვეულწილად თანხები უნდა დაზოგონ და 100 ათასიანი მანქანებით სიარული საჭირო არ არის. ველოსიპედები შეიძლება, მაგრამ ვინაიდან, მთაგორიანი ადგილი ვართ, ველოსიპედით სიარული გაძნელდება, რადგან ყველას ის ძალა არ აქვს, რომ აღმართებში მიაწვეს და ამ მიწოლაში ამომრჩეველიც თუ დაეხმარება, მაშინ ეს შეიძლება მსჯელობის საგანი გახდეს”, – განაცხადა ქანთარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ე.წ. პერსონალურ ავტომანქანებთან დაკავშირებულ ახალ ინციატივას მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარადგენს. მისივე თქმით, პერსონალურ ავტომობილებთან დაკავშირებით ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებული ვითარება კატეგორიულად მიუღებელია.