ნუკრი ხუნძაკიშვილი - თავისუფალი ვაჭრობა კიდევ უფრო გააუმჯობესებს საინვესტიციო კლიმატს საქართველოში
საქართველოს გარშემო იქმნება ახალი შესაძლებლობა – ეს არის თავისუფალი ვაჭრობის მთელი სარტყელი საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ევროკავშირი, ჩინეთი, ჰონგ-კონგი, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საინვესტიციო კლიმატს საქართველოში, – ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრმა, კომპანია „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა ნუკრი ხუნძაკიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გარემოება, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა აქვს რამდენიმე ქვეყანასთან, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის საქართველოს ინვესტირებისთვის, რადგან თავისუფალი ვაჭრობის სარტყელი ქვეყნის გარშემო კიდევ უფრო ფართოვდება.
„იაპონია ჩვენთვის ძალიან საინტერესო ბაზარია. ჩვენ ჯერ არ გაგვიყიდია იაპონიაში ჩვენი პროდუქცია, თუმცა ვმუშაობთ ამ მიმართულებით და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობა იაპონიასთან ამ პროცესს დააჩქარებს. პოზიტიურად ვართ განწყობილი,“ – განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრმა, კომპანია „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა.
ნუკრი ხუნძაკიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შეთანხმებაზე ისრაელის მხარესთან.
„ისრაელი ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანაა, სადაც ჩვენი პროდუქცია მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. ამ კონტექსტში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმ პროდუქტებზე, რომლებიც საქართველოში იწარმოება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში გადავიდეს, რაც გაზრდის ჩვენს ექსპორტს. თავისუფალი ვაჭრობა ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს, რათა უფრო მეტად ფოკუსირებულები ვიყოთ,“ – განაცხადა ნუკრი ხუნძაკიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს ვიზიტი შეაფასა. მისი თქმით, მოხდა უმნიშვნელოვანესი საკითხის ინიცირება იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით.