ნუგზარ წიკლაური - ზურაბიშვილსა და მელიას შორის დახურულ შეხვედრაზე განხილვის საგანი იყო სააკაშვილის საკითხიც, არის რიგი საკითხები, რომლებიც საჭიროა, რომ იცოდნენ პარტიის გარკვეულმა წევრებმა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ნიკა მელიასა და სალომე ზურაბიშვილს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბრის უდიდესი ნაწილი შეეხებოდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, არსებულ გამოწვევებს და, სხვა საკითხებთან ერთად, განხილვის საგანი იყო მიხეილ სააკაშვილის თემაც.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს შეხვედრა შედგა, ეს იყო დახურული შეხვედრა. ვინაიდან შეხვედრა დახურული იყო, შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ საუბრის უდიდესი ნაწილი შეეხებოდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, იმ გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშეა და იმ დაბრკოლებებს, რომლებიც ექმნება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მთელი რიგი მოვლენების გამო, რაც ქვეყანაში მიმიდნარეობს. ამ კონტექსტიდან თუ დავინახავთ, ცხადია, მიხეილ სააკაშვილის საკითხი, ისევე როგორ სხვა საკითხები, პოლიტიკურ პატიმრებთან, სასამართლოსთან დაკავშირებული, 12 პუნქტში ჩამოყალიბებული საკითხები, რომლებიც არ სრულდება მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ, იყო განხილვის საგანი“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
რაც შეეხება გიორგი ბოტკოველის განცხადებას, რომ „უკეთესი იქნებოდა, მელიასა და ზურაბიშვილის შეხვედრაზე პარტიის წევრებსაც ჰქონოდათ ინფორმაცია“, – წიკლაურის განმარტებით, „არის რიგი საკითხები, რომლებიც საჭიროა, რომ იცოდნენ პარტიის გარკვეულმა წევრებმა“.
„ეს იყო დახურული ტიპის შეხვედრა, მისი ანონსირება და მასზე საჯაროდ ლაპარაკი მიზანშეუწონელი იყო და ასეც გააკეთა ნიკა მელიამ“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
ამასთან, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს პრეზიდენტის საკადრისი გადაწყვეტილება, დაიცვას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფუნდამენტური უფლებები და ქვეყნის ნაციონალური ინტერესები“.
„გუშინ სალომე ზურაბიშვილისაგან მოვისმინეთ ძალიან საინტერესო, ყურადსაღები პოლიტიკური კონსტრუქცია, როდესაც მან თქვა, რომ ქვეყნისთვის უმთავრესი ამოცანა არის ევროპა და საქართველო აუცილებლად წავა ევროპის გზით. იმ შემთხვევაში, თუ ეს არის გულწრფელი სიტყვები, და მე ნამდვილად მჯერა, რომ ქალბატონი ზურაბიშვილისთვის ეს არის გულწრფელი სიტყვები, მაშინ ამ გზაზე შეუძლებელია, არსებობდეს პირველყოფილი პოლიტიკური დევნა, ეს ატავისტური სიბლაგვე, რომ როგორმე გაუსწორო ანგარიში შენს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს. თუ ამ კუთხით, ამ თვალსაზრისით შევხედავთ პოლიტიკურ მოვლენებს, მე ვფიქრობ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს პრეზიდენტის საკადრისი გადაწყვეტილება, დაიცვას, ერთი მხრივ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფუნდამენტური უფლებები და, რაც უფრო მთავარია, დაიცვას ჩვენი ქვეყნის ნაციონალური ინტერესები“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.