ნუგზარ წიკლაური - სანდრა რულოვსისთვის საბოტაჟის მოწყობას ცდილობდნენ
„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, გუშინ, მთელი დღის მანძილზე ცდილობდნენ საბოტაჟი მოეწყოთ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსისთვის.
ამის შესახებ მან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის შტაბში ბრიფინგზე განაცხადა.
„პოლიციელები მთელი დღის განმავლობაში დაგვსდევდნენ. მიგვაჩნია, რომ ეს ქმედებები მიმართულია პოლიტიკური პროცესების ჩასაშლელად, მიმართულია ხელისუფლების გარდაუვალი მარცხის შესაჩერებლად. გაერთიანებული ოპოზიცია გააკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი კამპანია იყოს მშვიდობიანი”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ წარადგინა ფოტო და ვიდეო მასალა სადაც, მისი თქმით, ჩანს როგორ უთვალთვალებდნენ ზუგდიდის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები სანდრა რულოვსს.
წითლიძემ ასევე, გამოაქვეყნა სამხარეო პოლიციიის თანამშრომლების მიმოწერა, სადაც მისი თქმით, საუბარია იმაზე, თუ როგორ გეგმავენ ისინი ამომრჩეველთან შეხვედრაზე ხელის შეშლას.
ზუგდიდში გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი – პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე, ასევე პარტიის ერთ-ერთი წევრი მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. მოგვიანებით, პოლიციამ პატარაია და წითლიძე გაათავისუფლა, ხოლო მანუჩარ ჩხეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.