ნუგზარ წიკლაური - მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეძლეს გაერთიანება, ეს ნამდვილად ნიშნავს ახალ პოლიტიკურ სიტყვას
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს გაერთიანება ფუნდამენტურ ღირებულებებზე, ეს გაერთიანება ნამდვილად ნიშნავს ახალ პოლიტიკურ სიტყვას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ კოალიციას ნამდვილად შეუძლია გამარჯვების მოპოვება.
„ეს გაერთიანება ნამდვილად ნიშნავს ახალ პოლიტიკურ სიტყვას, ახალი პოლიტიკური რეალობის დადგომას საქართველოში. ის, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს გაერთიანება ფუნდამენტურ ღირებულებებზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც სრულად გაკოტრებულია, მეორე მხარეს კი ოპოზიცია, რომელსაც მთელი რიგი განსხვავებების მიუხედავად, მაინც აქვს შესაძლებლობა და პოლიტიკური რესურსი, რომ შექმნას საერთო კოალიციური მთავრობა. ვფიქრობ, ვინც არის ახლა კოალიციაში და ძირითადად წარმოდგენილები არიან პოლიტიკური პარტიის ლიდერები და არა მხოლოდ რიგითი წევრები, ეს გარემოება ქმნის ძალიან სერიოზულ საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ამ კოალიციას ნამდვილად შეუძლია გამარჯვების მოპოვება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ამასთან, კოალიციურ გუნდზე საუბრისას, ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ განსხვავებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური პარტიის გაერთიანება.
„საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ძალიან ცოტაა ისეთი პარტია, რომელსაც რაიმე ტიპის სახეცვლილება არ განეცადოს თავის პოლიტიკურ შეხედულებებში, მაგრამ ახლა არის კონკრეტული მომენტი, კონკრეტული საფრთხე ქართული სახელმწიფოსათვის. ეს საფრთხე გამოიხატება იმ ხელისუფლებაში, რომელიც კორუმპირებულია და მთლიანად ქვეყნის მმართველობითი სისტემა ამ ქვეყანამ გახადა დისფუნქციური. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური პარტიის გაერთიანება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის რჩება მნიშვნელოვანი განსხვავებები სხვადასხვა პოლიტიკურ თემაზე“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხს, როგორც წიკლაური ამბობს, ეს ექიმებისა და თავად სააკაშვილის საქმეა.
„უნდა მოხდეს თუ არა სააკაშვილის ჰოსპიტალიზება, ეს ექიმებისა და მისი ადვოკატების, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის საქმეა და მათ უნდა გასცენ პასუხი ამ შეკითხვაზე. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს მცდელობებს, რომ დანერგილი პრაქტიკა, როცა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაჰყავდათ ადამიანები, შეზღუდოს და თქვას, რომ ერთადერთი საავადმყოფო, სადაც შეიძლება, ის იყოს გადაყვანილი, არის ციხის საავადმყოფო, მიგვაჩნია, გაგრძელებაა იმ ძალიან მავნებლური პრაქტიკის, რომელსაც პოლიტიკურად დევნილების მიმართ აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება. ყველასთვის ცხადია, იმ პირობებში, როდესაც არსებობს ალტერნატივა, მიხეილ სააკაშვილისთვის თქმა, რომ მხოლოდ ციხის საავადმყოფოში უნდა იყოს, მისი უფლებების კიდევ ერთხელ შელახვაა, მცდელობა, რომ ის მოხვდეს გარემოში, სადაც შესაძლოა, მისი უსაფრთხოება და სამედიცინო დახმარება სათანადო დონეზე არ იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ ე.წ. კოალიციური გუნდი წარადგინა. მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, მოძრაობა „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“, აგრეთვე „ევროპული საქართველოსა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის, „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლები.