ნუგზარ წიკლაური - იმედია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურის დაყენება არის ლევან ხაბეიშვილის და არა რამე არაფორმალური ცენტრის გადაწყვეტილება
ნუგზარ წიკლაური - იმედია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურის დაყენება არის ლევან ხაბეიშვილის და არა რამე არაფორმალური ცენტრის გადაწყვეტილება

ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილება ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან ერთი კვირის წინ თვითონ თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დააყენებდა პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე თავის კანდიდატურას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული პროცესები პარტიის ევროპულობის დადასტურებაა.

„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ის, რაც ახლა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, არის ამ  პოლიტიკური პარტიის ევროპულობის მკაფიო დადასტურება. მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარეს, რომელიც უპრეცედენტო ლეგიტიმაციით იყო არჩეული, კიდევ ჰქონდა ვადა, განეხორციელებინა თავისი უფლებამოსილება, მან თვითონ გადაწყვიტა, რომ იმ ადამიანებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატონ თავისი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვნად კარდინალურ, გარდამტეხ, პოლიტიკურ მომენტში, სადაც ახლა იმყოფება „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენი ქვეყანა. ამ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობა გადაწყვეტილი იქნას მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ევროპული გზით, რომელსაც წარმოადგენს არჩევნები, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ევროპული იდეალები არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ კანდიდატურის დაყენება პირადად ხაბეიშვილის გადაწყვეტილება იყო.

„რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას, პირველ რიგში ვიტყვი, რომ მას ჰქონდა ამის უფლება. უბრალოდ, სიმართლე გითხრათ, ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან ერთი კვირის წინ თვითონ თქვა, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ დააყენებდა პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე კანდიდატურას. ახლა ეს გადაწყვეტილება არის შეცვლილი, არის გარკვეული მერყეობა. იმედია, რომ ეს არის მისი გადაწყვეტილება და არა რამე არაფორმალური ცენტრის, რომელმაც შეცვალა გადაწყვეტილება და ახლა მას გაუჩნდა სრულიად სხვაგვარი სურვილი“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას აყენებს.