ნუგზარ წიკლაური - ბოლო პერიოდში ვხედავთ ანტიდასავლური პოლიტიკური ეპისტოლეების ნამდვილ ამოფრქვევას, რომელთა ლაიტმოტივი არის ბატონყმური ერთგულების დემონსტრირება
ნუგზარ წიკლაური - ბოლო პერიოდში ვხედავთ ანტიდასავლური პოლიტიკური ეპისტოლეების ნამდვილ ამოფრქვევას, რომელთა ლაიტმოტივი არის ბატონყმური ერთგულების დემონსტრირება

ბოლო პერიოდში ვხედავთ ანტიდასავლური პოლიტიკური ეპისტოლეების ნამდვილ ამოფრქვევას, რომელთა ლაიტმოტივი არის ბატონყმური ერთგულების დემონსტრირება ივანიშვილის მიმართ. ამ კამპანიაში ჩართულები არიან დეპუტატები, საკრებულოს წევრები, პრემიერ-მინისტრი, დაქირავებული პროპაგანდისტები, ექსპერტები, სამთავრობო კარის მომღერლები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, „ორგანიზებული კამპანიის ერთადერთი მიზანია რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის დაცვა ევროპისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან, მთლიანად თავისუფალი სამყაროსგან და პოლიტიკური ოპოზიციისგან“.

„კამპანიის ამოცანაა მტკიცება, რომ გაზპრომის მეწილე სინამდვილეში არ არის ოლიგარქი და ყველაფერი მითიური მტრების გამონაგონია. წერილებში, პოსტებში, მიმართვებში არაფერი წერია საქართველოზე, მათი საზრუნავი მხოლოდ ბიძინას ფულია და ისინი მზად არიან, საქართველოს ეროვნული ინტერესები გადააყოლონ ივანიშვილის ფინანსებს. „ქართული ოცნება“ არ თაკილობს ყველაზე ამორალურ და ანტიეროვნულ ნაბიჯებს, ომის დაწყებასა და ომის დაწყების მცდელობაში ბრალს დებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, იტალიას, შვეიცარიას, ჩეხეთს, ევროკავშირს, ევროპარლამენტის დეპუტატებს, ევროპელ დიპლომატებს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს საქართველოში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ თუ ვინმეს დამატებითი არგუმენტი სჭირდებოდა ივანიშვილის არაფორმალური მართვის ტოტალური კონტროლისა და ოლიგარქობის დასამტკიცებლად, დღეს ეს არგუმენტი ჩვენ წინაშეა იმ აღვირახსნილი კამპანიის სახით, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს. „ქართული ოცნების“ კამპანია სრულიად ააშკარვებს იმ გარემოებას, რომ ეს ანტიეროვნული, ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული ხელისუფლება არ აპირებს არც სასამართლოს რეფორმირებას, არც პოლიტიკური დევნის, არც მედიატერორის შეწყვეტას და არც დეოლიგარქიზაციას. შესაბამისად, ის არ აპირებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას, რაც ანადგურებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“, – განაცხადა წიკლაურმა.