ნუგზარ თინიკაშვილი - ოკუპირებული ახალგორიდან 30-40 ადამიანის გადმოსვლა კრიზისს ვერ შეამსუბუქებს, თუმცა პროცესის დაწყება მისასალმებელია
ახალგორის რაიონის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორიდან დღეს კიდევ ერთი სამარშუტო მიკროავტობუსი გადმოვიდა. თინიკაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაახლოებით 10 ადამიანი არის გადმოსული.
„ეს ტრანსპორტი უკან დაბრუნდება და კიდევ გადმოიყვანს ადამიანებს. დღეს შეიძლება კიდევ ორი გზა გააკეთოს და გადმოიყვანოს ხალხი. 30-40 ადამიანის გადმოსვლა ბუნებრივია მთლიანად კრიზისს ვერ შეამსუბუქებდა და ვერც მოაგვარებდა, თუმცა პროცესი რაც დაიწყო, მისასალმებელია. პირდაპირ ვამბობ, ძალიან კარგია და ვიმედოვნებ, რომ გაგრძელდება ასე, ძალიან მალე კი საბოლოო ჯამში მივიღებთ იმ სურათს, რაც ჩაკეტვამდე გვქონდა, რომ მოსახლეობა „საბუთებით“, მაგრამ მაინც შეძლებს გადაადგილებას ახალგორის მიმართულებით“, – აცხადებს თინიკაშვილი.
გამგებლის თმით, გასული წლის შემოდგომამდე ე.წ. საშვებს ფლობდა დაახლოებით 5 000-მდე ადამიანი.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, 11 წლის განმავლობაში ეს ადამიანები გადაადგილდებოდნენ, ჩვეულებრივად, ყოველდღიურად იყო მიმოსვლა, იშვიათად ხდებოდა ხოლმე ერთი დღით ან ორი დღით ჩაკეტვა. ასეთი ხანგრძლივი ჩაკეტვა, ხუთთვიანი არასოდეს ყოფილა. „საბუთი“ ახლა გაიცემა იმ ადამიანებზე, ვინც იქ არიან, იმათ შეიტანეს „საბუთები“ ხელმეორედ, ძველ ე.წ. საშვებს ვადა აქვს გასული. სამწლიანი ვადით იყო, გაიცემა ახლა ახალი და მე ვფიქრობ, რომ ისევ ნორმალიზება მოხდება ამ სიტუაციის“, – აცხადებს თინიკაშვილი.
ნუგზარ თინიკაშვილი ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებული რეგიონიდან გადმოდიან, უთხრეს, რომ 10 დღის განმავლობაში აქვთ უფლება, აქეთ იყვნენ.
„10 დღეში უნდა დაბრუნდნენ. რამდენი ხნით იქნება ღია, ჩვენ არ ვიცით. ალბათ, მინიმუმ 10 დღე, მაგრამ იმის მერე გაგრძელდება თუ არა, ნამდვილად ვერ გეტყვით. ამის შესახებ არ გვაქვს ინფორმაცია“, – აცხადებს გამგებელი.
ამასთან, ნუგზარ თინიკაშვილმა კომენტარი გააკეთა ერთ-ერთ ქალბატონთან – თამარ გიგაურთან დაკავშირებით, რომელსაც სამედიცინო დახმარება სჭირდება.
„სამწუხაროდ, ქალბატონ თამარს უარს ეუბნებიან გადმოსვლაზე. პირდაპირ ვამბობ, ეს მოხდა იმის გამო, რომ გაფრინდაშვილების ოჯახის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი უნდა წასულიყო თამარ გიგაურთან. ეს არის აბსოლუტური ტყუილი, აბსურდი და აი, ამის გამო ხდება ქალბატონი თამარის დაყოვნება იქ. ეს ძალიან ცუდია. ცუდად არის ისევ ქალბატონი, მე ვესაუბრე რამდენიმე დღის წინ, არ არის კარგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და აუცილებლად არის გადმოსაყვანი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ნუგზარ თინიკაშვილმა.
საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელი დროებით, 10 დღით გახსნა.