ნუგზარ თინიკაშვილი - ოკუპირებულ ახალგორში შესვლა-გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრებულია
ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლა ჩვეულებრივ რეჟიმში ხდება, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, კონტროლი გამკაცრებულია. ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ავტომობილებისა და მოქალაქეების შემოწმება-კონტროლი უფრო მკაცრად ხდება.
„შესვლა-გამოსვლა ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე ხდება ჩვეულებრივ რეჟიმში. თუმცა კონტროლი გამკაცრებულია, როგორც მე მითხრეს. გუშინ შემოსული იყო ე.წ „ომონის“ ნაწილები ცხინვალიდან. უფრო მკაცრად ხდებოდა მანქანების და პიროვნებების შემოწმება გაკონტროლება“, – განაცხადა თინიკაშვილმა.
მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში, თავიანთ სახლებში, ოჯახთან ერთად იმყოფებიან, თუმცა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ ეძლევათ.
„ისინი თავიანთ სახლებში იმყოფებიან მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. მათ არ აქვთ კონტაქტზე გამოსვლის და ოკუპირებული ახალგორის დატოვების უფლება. მეთვალყურეები ჰყავთ მიჩენილი და როგორც ოკუპირებულ ცხინვალში ამბობენ, მიმდინარეობს გამოძიება და ალბათ, ამ ე.წ გამოძიების დასრულების შემდეგ გათავისუფლდებიან. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ სამივენი არიან უდანაშაულო ადამიანები. სამწუხაროდ, ერთი იმსხვერპლეს, მაგრამ ამ ადამიანებს არანაირი დანაშაული არ მიუძღვით. ამდენად, ჩემი აზრით, როგორც კი, მოხდება ცხედრის გადმოცემა და დაკრძალვა, ამ პიროვნებებსაც გაათავისუფლებენ“, – განაცხადა თინიკაშვილმა.