„ნუ ცდით ჩვენს მოთმინებას“ - დონალდ ტრამპმა ოფიციალურ ფხენიანს სეულში სიტყვით გამოსვლისას მიმართა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორეის ეროვნულ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხრეთ კორეა მილიარდობით დოლარის ღირებულების ამერიკულ სამხედრო აღჭურვილობას შეიძენს.
„დღეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის არ ვსაუბრობ. ამას ყველა ცივილიზებული ქვეყნის გასაგონად ვამბობ. მივმართავ ჩრდილოეთ კორეას: ჩვენს შესაძლებლობებს საკმარისად არ აფასებთ. ნუ ცდით ჩვენს მოთმინებას“ – განაცხადა ტრამპმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერმა გამოსვლისას ოფიციალური ფხენიანი გააფრთხილა, რომ ამერიკა მზადაა, თუ საჭირო გახდა, შეიარაღების სრული შემადგენლობა გამოიყენოს საკუთარი და მოკავშირეების უსაფრთხოების დასაცავად.
სიტყვით გამოსვლისას ტრამპი ჩრდილოეთ კორეის მმართველობის სტილსაც შეეხო და ის კულტს შეადარა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ ტრამპის ვიზიტი მნიშვნელოვანი ძვრა იქნება ჩრდილოეთ კორეასთან არსებული დაძაბულობის განმუხტვისთვის.