სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეჩვიდმეტედ მოიპოვა დიდი სლემის ტურნირებზე გამარჯვება. მან ავსტრალიის ღია პიროევლობის ფინალში ხუთ სეტში დაამარცხა ავსტრიელი დომინიკ ტიმი – 6:4, 4:6, 2:6, 6:3, 6:4.
შეხვედრა ოთხი საათი და რვა წუთი გაგრძელდა. ჯოკოვიჩისთვის ეს იყო მერვე მოგება ავსტრალიის ღია პირველობაზე.
მატჩის წინ ჯოკოვიჩი აბსოლუტურ ფავორიტად მიიჩნეოდა. სერბმა წინა მატჩებში ძალიან დამაჯერებელი თამაში აჩვენა, 2020 წელს კი 12-დან 12 მატჩი ჰქონდა მოგებული. გარდა ამისა, ტიმმა განვლილ მატჩებში ექვსი საათით მეტი გაატარა კორტზე და ერთი დღით ნაკლები დასვენება ჰქონდა. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ ავსტრიელმა ფინალამდე რაფაელ ნადალი დაამარცხა.
ჯოკოვიჩი ამართლებდა პირველ სეტში ფავორიტის სტატუსს. ტიმს კარგა ხანი დასჭირდა საკუთარი თამაშის მოსაძებნად. სანამ ეს მოხდებოდა, ჯოკოვიჩმა ბრეიკით დაწინაურება მოახერხა. მეშვიდე გეიმში ტიმმა შეძლო უკუბრეიკის შესრულება, მაგრამ ნოვაკმა შეინარჩუნა ინიციატივა. მერვე გეიმში მან ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, მეათე გეიმში შეძლო მეორე ბრეიკის შესრულება და სეტის მოგება.
მეორე სეტიდან თამაშის სურათი შეიცვალა. ტიმი გაცილებით უკეთ გამოიყურება და ავსტრიელი სტარტზე ბრეიკით დაწინაურდა. ჯოკოვიჩმა შეძლო გაბრძოლება და მერვე გეიმში უკურეიკით უპასუხა მეტოქეს, მაგრამ ჩანდა, რომ სერბს აშკარად არ მისდიოდა თამაში – მან მეცხრე გეიმში ისევ წააგო საკუთარი მოწოდება და მომდევნო გეიმში ტიმმა სეტზე ჩააწოდა.
მესამე სეტი ტიმმა ზედიზედ სამი გეიმის მოგებით დაიწყო, აქედან ორი ბრეიკი იყო. ჯოკოვიჩი თითქოს რაღაცას იტკიებდა და აშკარად, დაღლილი ჩანდა. ავსტრიელმა დიდი უპირატესობა შეინარჩუნა და სეტებში დაწინაურდა.
ჯოკოვიჩის მდგომარეობა საკმაოდ რთული ჩანდა – მან სამედიცინო ტაიმაუტი აიღო და კორტი დატოვა. ასევე მის წინააღმდეგ ლაპარაკობდა სტატისტიკა – სერბს არასოდეს ჰქონდა მოგებული დიდი სლემის ფინალი 1:2 ჩამორჩენის შემდეგ.
სამედიცინო პაუზის შემდეგ, თანაბარი თამაში წავიდა. მეოთხე სეტის მესამე გეიმში ტიმმა ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ვერ გამოიყენა. ამასობაში, ჯოკოვიჩი სულ უფრო დამაჯერებლად გრძნობდა თავს და მერვე გეიმში ორმაგ ბრეიკ-პოინტამდე მივიდა, შანსი ხელიდან არ გაუშვა და სეტზეც ჩააწოდა.
მეხუთე სეტისთვის ჯოკოვიჩმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა და მესამე გეიმში ბრეიკი შეასრულა. ტიმს მომდევნო გეიმში მიეცა პასუხის გაცემის საშუალება, მაგრამ ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ, ავსტრიელს მეტოქის მოწოდების აღების შანსი აღარ ჰქონია და ნოვაკმა მიიყვანა მატჩი მოგებამდე.
ამ მოგების შემდეგ, ჯოკოვიჩი დაბრუნდება რეიტინგის პირველ საფეხურზე. ტიმმა კი გაუშვა მესამე ადგილზე გასვლის შანსი. ავსტრიელმა მესამედ ითამაშა დიდი სლემის ტურნირის ფინალში და მესამედ წააგო.