ნოვაკ ჯოკოვიჩი მესამე წრიდან გამოეთიშა აშშ-ის ღია პირველობას - 2017 წლის შემდეგ პირველად, სერბი „დიდი სლემის“ ტიტულის გარეშე დარჩა #1TVSPORT
სენსაციურად დასრულდა აშშ-ის ღია პირველობის მესამე წრე. მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი ოთხ სეტში დამარცხდა 25 წლის ავსტრალიელთან, ალექსეი პოპირინთან – 4:6, 4:6, 6:2, 4:6.
პოპირინმა 12-დან ხუთი ბრეიკპოინტი გამოიყენა და 50 „ვინერსით“ დაასრულა შეხვედრა. ჯოკოვიჩმა 14 ორმაგი შეცდომით კარიერის ანტირეკორდი დაამყარა. სერბმა 16 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და ოთხჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. გარდა ამისა, ნოვაკი ცუდად თამაშობდა ბადესთან – 40-დან მხოლოდ 19 ქულა (48 პროცენტი) აიღო.
ჯოკოვიჩის მარცხი მეორე დიდი სენსაციაა აშშ-ის ღიას მამაკაცთა ტურნირზე. ერთი დღით ადრე მეორე წრეში დამარცხდა ესპანელი კარლოს ალკარასი – მან სამ სეტში წააგო მსოფლიოს 74-ე ჩოგანთან, ნიდერლანდელ ბოტიკ ვან დე ზანდშულპთან.
ჯოკოვიჩი მეთვრამეტედ თამაშობდა აშშ-ის ღია პირველობაზე და მეხუთედ მოხდა, როცა მან მეოთხედფინალში გასვლა ვერ შეძლო.
სერბ ჩოგბურთელს 2024 წელს არ აქვს მოგება „დიდი სლემის“ ტურნირზე, რაც პირველი შემთხვევაა მისთვის 2017 წლის შემდეგ. ამ სეზონში ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში წააგო ავსტრალიის ღია პირველობაზე, როლან გაროსზე მეოთხედფინალიდან მოიხსნა, უიმბლდონზე კი ფინალში დამარცხდა.
ჯოკოვიჩის გავარდნა აშშ-ის ღია პირველობიდან იმას ნიშნავს, რომ პირველად 2002 წლის შემდეგ, ერთ სეზონში „დიდი სლემის“ ტურნირზე გამარჯვება არ ექნებათ „დიდი სამეულის“ წევრებს – ჯოკოვიჩს, როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს.
ნოვაკმა ვერ შეძლო აშშ-ის ღიაზე ტიტულის დაცვა. ამ ტურნირზე ზედიზედ ორჯერ 2008 წლის შემდეგ არავის გაუმარჯვია. ნაადრევი გამოვარდნა ნიშნავს იმას, ჯოკოვიჩი ATP-ის კლასიფიკაციაში, მინიმუმ, მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდება.