ნოვაკ ჯოკოვიჩი - ავსტრალიის ღიაზე გალიაში გამომწყვდეული ცხოველებივით გვეპყრობიან
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ძლიერი სიცხის გამო დაიჩივლა. “დიდი სლემის” ტურნირების 12-გზის ჩემპიონმა აღნიშნა, რომ ორგანიზატორები ფულად მოგებას მსხვერპლად სწირავენ სპორტსმენთა ჯანმრთელობას.
„ყურადღება უნდა მივაქციოთ მოთამაშეთა ჯანმრთელობას, მაგრამ, ცხადია, ეს მეორეხარისხოვანია თანამედროვე სამყაროში, სპორტის ინდუსტრიაში, რომლის ნაწილი ჩვენც ვართ. მთავარია, რომ ბილეთები იყიდება, ფულს შოულობენ, კმაყოფილდება ტელევიზიის მოთხოვნები და მხოლოდ მეოთხე ან მეხუთე ადგილზეა – ჩოგბურთელთა აზრი. ჩვენ გვეპყრობიან, როგორც ცხოველებს გალიაში.
არ მინდა, უმადური გამოვჩნდე, პირიქით, უაღრესად მადლიერი ვარ შესანიშნავი ცხოვრებისთვის, რომელიც ჩოგბურთმა მომცა. ფინანსურად უზრუნველყოფილი ვარ, მაქვს პატივი, ვიყო სპორტის სახეობაში, რომელიც მიყვარს, მაგრამ კიდევ გავიმეორებ – მე მაქვს გარკვეული უფლებები, მიკავია გარკვეული პოზიცია საზოგადოებაში. ამიტომაც, ასე დროს, მაქვს უფლება გამოვყო რამდენიმე საკითხი, რომელიც, ჩემი აზრით, არასწორია“, – აცხადებს ჯოკოვიჩი.