„ნოვაია გაზეტას“ რედაქტორს მოსკოვი-სამარას მატარებელში წითელი საღებავი შეასხეს
ნობელის პრემიის ლაურეატ, რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორს, დიმიტრი მურატოვს მოსკოვი-სამარას მატარებელში წითელი საღებავი შეასხეს. მურატოვზე თავდამსხმელის ვინაობა უცნობია.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავად მურატოვმა გაავრცელა. მან გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც ასახულია თავდასხმის შედეგები.
„კუპეში დამასხეს ზეთის საღებავი. საშინლად მეწვის თვალები. მთელ მატარებელში საღებავის სუნია. მატარებლის გამგზავრება 30 წუთით გადაიდო. ვეცდები, ჩამოვიბანო საღებავი. თავდამსხმელმა დაიყვირა – „მურატოვ, ეს შენ ჩვენი ბიჭებისთვის”, – მურატოვის ამ ციტატას „ნოვაია გაზეტას“ ტელეგრამარხი ავრცელებს.
მომხდარზე რუს სამართალდამცავებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ „ნოვაია გაზეტამ“ 28 მარტს შეწყვიტა მუშაობა მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი ორგანოსგან რამდენიმე გაფრთხილება მიიღო.