„ნოვაია გაზეტამ“ რუსეთის მარეგულირებელი ორგანოსგან მიღებული გაფრთხილების შემდეგ საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო
„ნოვაია გაზეტამ“ რუსეთის მარეგულირებელი ორგანოსგან მიღებული გაფრთხილების შემდეგ საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

რუსულმა გამოცემამ „ნოვაია გაზეტა“ რუსეთის მარეგულირებელი ორგანოსგან მიღებული გაფრთხილების შემდეგ საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. გამოცემის რედაქციაში განაცხადეს, რომ „ნოვაია გაზეტა“ წყვეტს გაზეთის ონლაინ და ბეჭდური ვერსიის გამოცემას უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის დასრულებამდე“.

როგორც რედაქციაში განმარტეს, „როსკომნადზორის“ მეორე შეტყობინება მიიღეს, რაც ნიშნავს, რომ მედიასაშუალებას ლიცენზიის ჩამორთმევა ემუქრება.

ორივე შემთხვევაში „როსკომნადზორის“ გაფრთხილება უკავშირდება გაზეთში იმ არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის მოხსენიებას, რომელიც „უცხოური აგენტების“ რეესტრში არიან შეყვანილნი.

​რუსეთში მედიასაშუალებების შესახებ ახალი მკაცრი კანონის შემოღების შემდეგ, რომელიც „ომის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცლებას კრძალავს, „ნოვაია გაზეტა“ მუშაობას მაინც აგრძელებდა, თუმცა სტატიებიდან სხვადასხვა სიტყვების ამოღება უწევდა“. მათ შორის სიტყვა „ომის“.