ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში საელჩოს გახსნა ნორვეგიული ბიზნესისთვის კარგი სიგნალია
საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნების თანამშრომლობის განვითარებას, – ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ერიქსენ სორაიდემ ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შეფასებისას.
მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება დაუდასტურა.
„ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის განვითარებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნა, ასევე მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ნორვეგიული ბიზნესისთვის საქართველოში შემდგომი ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით“, – განაცხადა ერიქსენ სორაიდემ.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ნორვეგიის სამეფოს სკანდინავიური ტურნეს ფარგლებში ეწვია, რა დროსაც ნორვეგიელ კოლეგას შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ნორვეგიისა და საქართველოს გამორჩეულ ურთიერთობებს. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახნის თაობაზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო თავისი საინვესტიციო კლიმატით, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და ბიზნესის საქმიანობის პირობებით საინტერესო და მიმზიდველი ადგილია ნორვეგიული ბიზნესიითვის. როგორც ერიქსენ სორაიდემ აღნიშნა, ეს არის ფაქტორები, რასაც მსხვილი ნორვეგიული კომპანიები აქცევენ ყურადღებას და საქართველო ამ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. ინვესტიციების კუთხით ხაზი გაესვა უმსხვილესი ნორვეგიული კომპანიის Clean Energy Group-ის მიერ საქართველოში ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულ ინვესტიციას და აღინიშნა, რომ ნორვეგია დაინტერესებულია ამ მიმართულებით შემდგომ თანამშრომლობაში. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2017 წლის 1 სექტემბრიდან შევიდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებით აღინიშნა ნორვეგიის მიერ გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიელ კოლეგას რუსეთ-საქართველოს ომის 10 წელთან დაკავშირებით ნორვეგიის ღია მხარდაჭერისთვის. ასევე დადებითი შეფასება მიეცა იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით კეთდება IDP რეზოლუციის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება. განსაკუთრებით აღინიშნა ნორვეგიის მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კარგ პრაქტიკას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ხალხთაშორისი კავშირების განვითარების შესაძლებლობას, მხარეები მიესალმნენ საქართველოთი ნორვეგიელი ტურისტების მზარდ დაინტერესებას. ამ მხრივ ხაზი გაესვა ნორვეგიიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების განხორციელების მნიშვნელობას, როგორც მინისტრებმა განაცხადეს, საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნა შესაძლებელს გახდის მსგავს საკითხებზე უფრო ეფექტურ და შედეგიან კომუნიკაციას.
ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ნორვეგიის პარლამენტში, ასევე მონაწილეობას მიიღებს ანალიტიკური ცენტრის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში და მოინახულებს ნორვეგიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს არქივების გამოფენას.