ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ეწვია
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიკენ ჰუიტფელდტმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად დღეს ხურვალეთის რაიონში, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიესალმა საგარეო საქმეთა მინისტრს, თან ახლდა მის დელეგაციას მთელი ვიზიტის განმავლობაში და მიაწოდა თავისი შეხედულებები ადგილზე განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ.
ჯერ პატარა ხურვალეთში, შემდეგ კი სოფელ დიდ ხურვალეთში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა საგარეო საქმეთა მინისტრს და მის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია რაიონში უსაფრთხოების ვითარების შესახებ, გაამახვილეს რა ყურადღება „ბორდერიზაციაზე“ და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და ადამიანის სხვა უფლებებზე მის უარყოფით გავლენაზე.
დისკუსია შემდგომ შეეხო იმ კონკრეტულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ყოველდღიურ ცხოვრებაში დგას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა და რომლებიც კიდევ უფრო გართულდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების დახურვით.
ამასთან დაკავშირებით, მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა განმარტა, რომ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის ორი პუნქტი, ოძისი და ქარძმანი, ახლა ღიაა 2022 წლის დეკემბრამდე ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე. ეს მოჰყვა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს არაერთგზის მოწოდებას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების სრულად აღდგენის შესახებ.
ვიზიტის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა მისი მადლიერება მრავლის მომცემი ვიზიტის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის“,- აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციაში.