ნორვეგიის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებს ტურისტული მიზნით ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ, თუ მოგზაურობის მიზანი ტურიზმია.
ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს.
ნორვეგიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა 2022 წლის გაზაფხულზე გაამკაცრა, რის შემდეგაც ტურისტული ვიზების გაცემა, პრაქტიკულად, შეწყდა. ამიერიდან კი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლა კიდევ უფრო შეიზღუდება.
„შესვლის წესების გამკაცრების გადაწყვეტილება შეესაბამება ნორვეგიის მიდგომას, რომელიც მხარს უჭერს მოკავშირეებს და პარტნიორებს უკრაინაში რუსეთის უკანონო აგრესიული ომის წინააღმდეგ რეაგირებაში“, – განაცხადა ნორვეგიის იუსტიციის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, ემილი ენგერ მეჰლიმ.
ნორვეგიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წესების გამკაცრება ვრცელდება როგორც რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებზეც ვიზა წესების გამკაცრებამდეა გაცემული, ასევე მათზე, რომელთა ვიზა შენგენის სხვა ქვეყნების მიერ არის გაცემული.
ცვლილებები 29 მაისიდან ამოქმედდება, თუმცა გათვალისწინებული იქნება გამონაკლისებიც, მაგალითად, ნორვეგიაში მცხოვრები ახლო ნათესავების მონახულებაზე, ასევე რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ ნორვეგიაში, ან შენგენის სხვა ქვეყნებში.