ნორვეგიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოსთან დაკავშირებით აქამდე უცნობი ისტორიული მასალები გამოფინა [ფოტო]
ოსლოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ვიზიტის ფარგლებში, ნორვეგიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს შესახებ უნიკალური, აქამდე უცნობი მასალები გამოიფინა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილია ცნობილი ნორვეგიელი ქართველოლოგების, ჰანს ვუგტის და ფრიდოლფ ჰანსენის მონუსკრიპტები, ასევე კნუტ ჰამსუნის საქართველოში ვიზიტის დროს გაკეთებული ჩანაწერები და ფოტო მასალა.
საქართველოს შესახებ აღნიშნული ისტორიული მასალა მეცნიერების მიერ აქამდე შეუსწავლელია. ნორვეგიის სამეფოში საქართველოს ელჩის მაია ყიფშიძის განცხადებით, ნორვეგიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული მასალები იმ პერიოდის საქართველოზე საკმაოდ საინტერესო, უნიკალური ხასიათის ინფორმაციას შეიცავს, რომელიც ქართველი მკვლევარებისთვის საინტერესო შესასწავლია.
ჰანს ვუგტმა, რომელიც ნორვეგიელი პროფესორია, საქართველოში 1932 წელს იმოგზაურა და მოგვიანებით ოსლოს უნივერსიტეტში დაიცვა დისეტრაცია თემაზე – ქართული ენის თანამედროვე გრამატიკა. ფრიდოლფ ჰანსენმა კავკასიაში 1925 წელს იმოგზაურა და მისი ნარკვევები იმ დროის საქართველოზე უნიკალურ ინფორმაციას შეიცავს.
კნუტ ჰამსუნმა საქართველო ასევე კავკასიის ტურნეს ფარგლებში 1899 წელს მოინახულა, რომლის შედეგადაც დაწერა წიგნი In Wonderland. ნორვეგიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული მასალები შეიცავს ასევე კნუტ ჰამსუნის დღიურებს, რომელიც მან საქართველოში ვიზიტის დღეებში შეადგინა და ასევე ფოტოებს, რომელიც თბილისში ვიზიტის ფარგლებში ჰამსუნის პირადმა ფოტოგრაფმა გადაიღო.