ნორვეგიის ელჩი - მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის ავღანეთიდან სამოქალაქო პირთა ევაკუაციასთან დაკავშირებით, ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია, როგორ ამტკიცებს საქართველო სანდო პარტნიორობას
საქართველოში ნორვეგიის ელჩის, ჰელენა სანდ ანდერსენის განცხადებით, მადლიერები არიან საქართველოს მთავრობის ავღანეთიდან სამოქალაქო პირთა ევაკუაციასთან დაკავშირებით.
ელჩის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ მისცათ საშუალება, მოქალაქეები ქაბულიდან ოსლოში თბილისის გავლით ჩაეყვანათ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთი კარგი მაგალითია, თუ როგორ ამტკიცებს საქართველო, რომ სანდო პარტნიორია.
„ავღანეთიდან სამოქალაქო პირთა მიმდინარე ევაკუაციასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან მადლობლი ვართ საქართველოს მთავრობის, რომელმაც საშუალება მოგვცა, შეგვექმნა ჰაბი აქ, თბილისში, რათა გვქონოდა შესაძლებლობა, ნორვეგიელები და ნორვეგიაში მიმავალი ავღანეთის მოქალაქეები ქაბულიდან თბილისის გავლით ჩაგვეყვანა ოსლოში.
ჩვენ ვნახეთ შესანიშნავი მოქნილობა და სერიოზული დახმარება ქარული მხარის მხრიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, თავდაცვის სამინისტროსგან, სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობისგან და ძალიან მადლიერნი ვართ. ამ ყველაფრის უკან დგას საქართველოსთან ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობა ნატო-ს სამშვიდობო პროგრამის ფარგლებში. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია, თუ როგორ ამტკიცებს საქართველო, რომ სანდო პარტნიორია“, – განაცხადა ჰელენა სანდ ანდერსენმა.
ამ თემაზე დღეს მედიასთან ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც. დავით ზალკალიანის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციით საქართველო ჩართულია ჰუმანიტარული მისიის განხორცილებაში, ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტად გამოყენების თვალსაზრისით.
მინისტრი განმარტავს, რომ ბოლო დღეებში, საქართველოს ტერიტორიის გავლით 2 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.