დავით ზალკალიანი - საქართველოს ტერიტორიის გავლით ავღანეთიდან 2 ათასი ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა, ყოველდღიურად ვიღებთ მადლიერებისა და მხარდაჭერის გზავნილებს
დავით ზალკალიანი - საქართველოს ტერიტორიის გავლით ავღანეთიდან 2 ათასი ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა, ყოველდღიურად ვიღებთ მადლიერებისა და მხარდაჭერის გზავნილებს

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციით საქართველო ჩართულია ჰუმანიტარული მისიის განხორცილებაში, ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტად გამოყენების თვალსაზრისით.

„ეს ყველაფერი არის ძალიან კარგად ორგანიზებული ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან ერთად. პირველ რიგში ესენი არიან ჩვენი ნატოელი პარტნიორები, ჩვენ მათთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ამერიკის შეერთებული შტატები, ნორვეგია, ჩართულები არიან ჩვენი შვედი პარტნიორებიც, ეს პროცესი უკვე ძალიან კარგი მექანიზმით იმართება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვიყავით ავღანეთში, ვიყავით ჩართული პირველი დღიდან, როდესაც საქართველოს შეჰქონდა მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური უსაფრთხოების მისიაში, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ მნიშნელოვანი ფასიც გადავიხადეთ, 32 გმირი ქართველი სამხედრო დაეცა ამ ბრძოლაში. მას შემდეგ, რაც კოალიციამ მიიღო გადაწყვეტილება მისიის დასრულების შესახებ, ჩვენ, როგორც ერთად შევედით ამ მისიაში, ერთად დავტოვეთ კიდეც. და მაშინაც, როდესაც პირველი სატრანზიტო პროცესი დაიწყო, საქართველო და თბილისი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც იყო გამოყენებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან. კარგად გახსოვთ, როგორი მადლიერება დაიმსახუტა ჩვენმა ქვეყანამ ნატოელი პარტნიორების მხრიდან. ამჟამადაც, როდესაც კრიზისული სიტუაცია შეიქმნა და ძალიან დრამატული სურათები ვიხილეთ ავღანეთში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრი განმარტავს, რომ ბოლო დღეებში, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ტრანზიტის მეშვეობით 2 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

„ძალიან ორგანიზებულად, სამხედრო თვითმფრინავებით ხდებოდა მათი თბილისში ჩამოყვანა და შემდეგ უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლოჯისტიკურად გამართული, მწყობრი მექანიზმი იყო ყველა უწყების ჩართულობით – საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, პრემიერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით და პარტნიორებთან კოორდინაციით ხდებოდა მათი შესაბამისი მიმართულებებით რელოკაცია. ანუ თბილისში სამხედრო თვითმფრინავებით ჩამოყვანილი მოქალაქეების გაყვანა ხდებოდა ევროპული მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანაში და ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს თბილისში.

გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ ჩვენი პარტნიორების, ძალიან სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციების თხოვნა, რომ მომხდარიყო საქართველოში დროებითი განთავსება იმ ადამიანების, რომლებიც ამ ორგანიზციებში მუშაობდნენ ავღანეთში. უკვე უახლოეს პერიოდში მოხდება მათი ევაკუაცია სხვადასხვა მიმართულებით. აქ საუბარია ისეთ სერიოზულ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ამერიკის დემოკრატიის განვითარების ფონდი, ასევე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებმაც თხოვნით მოგვმართეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ავღანეთში ამ ორგანიზაციებისთვის, და ვისი ევაკუაციაც ხდებოდა, თბილისი მათი დროებითი თავშესაფარი გამხდარიყო.

ყოველდღიურად ვიღებთ ჩვენი პარტნიორების მადლიერების, მხარდაჭერის გზავნილებს და ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ შეიძლება, მთელი მსოფლიოს ცივილიზებული თანმეგობრობა ერთად გავუმკლავდეთ იმ ძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც ავღანეთში შეიქმნა. ჩვენ ვიყავით როგორც მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ავღანეთში, ასევე ამ სიტუაციაშიც, როდესაც ჰუმანიტარულ კატასტროფასთან გვქონდა საქმე, მყისიერი დახმარება აღმოვუჩინეთ საერთაშორისო პარტნიორებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.