ნორვეგიელმა დეპუტატმა ოსლოს აეროპორტში ძვირად ღირებული სათვალის მოპარვის გამო თანამდებობა დატოვა
ნორვეგიის მემარცხენე პარტიის ლიდერმა, ბიორნარ მოქსნესმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ოსლოს აეროპორტში ძვირად ღირებული Hugo Boss-ის სათვალე მოიპარა.
მოქსნესის ქურდობის ფაქტი 16 ივნისს აეროპორტის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის შემდეგაც ნორვეგიელი პოლიტიკოსი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბიულეტენზე გავიდა.
ბიულეტენიდან დაბრუნებამდე ერთი დღით ადრე, მოქსნესმა ქურდობა აღიარა და თანამდებობა დატოვა.
„ბევრმა მკითხა, როგორ შემეძლო ასეთი სისულელის გაკეთება. ეს ბევრჯერ ვკითხე ჩემს თავსაც ბოლო კვირებში. ამას ადეკვატურად ვერ ვხსნი“, – წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ მოქსნესმა ფაქტის შემდეგ ბოდიში მოიხადა და თანამდებობა დატოვა, საქმე დახურულია.
ბიორნარ მოქსნესი პარტიის ლიდერის პოსტს ბოლო 11 წლის განმავლობაში იკავებდა. პარტიას პარლამენტში რვა ადგილი აქვს.