ნორვეგიაში „ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევების გამო, ახალი შეზღუდვები დაწესდება
ნორვეგიაში „ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევების გამო, ახალი შეზღუდვები დაწესდება. ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საშობაო წვეულებაზე 120 ადამიანი დაინფიცირდა. ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ მათი უმრავლესობა „ომიკრონის“ შტამითაა ინფიცირებული.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, მაშინ ეს იქნება ევროპაში „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის ყველაზე დიდი კლასტერი.
„ომიკრონის“ გავრცელების გამო, ორშაბათიდან ოსლოსა და მის შემოგარენში მოქალაქეებს კვლავ დისტანციურად მოუწევთ მუშაობა. დახურულ შენობებში წვეულებებზე დასწრება მხოლოდ 100 სტუმარს შეეძლება. რესტორნებსა და ბარებს მომხმარებელთა რეგისტრაცია მოუწევთ.
ნორვეგიაში ჩასულმა მოგზაურებმა 24 საათში „კოვიდ“-ტესტი უნდა ჩაიტარონ. ნორვეგიის მთავრობამ ასევე გასცა რეკომენდაცია, რომ მოქალაქეებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში პირბადეები ატარონ.