ნორვეგიაში 10 წლის წინ მომხდარი ტერაქტების შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ
ნორვეგიაში 10 წლის წინ მომხდარი ტერაქტების შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ. ოსლოში, პრემიერ-მინისტრის ყოფილ ოფისთან, სადაც 2011 წელს ულტრამემარჯვენე ანდერს ბრეივიკმა აფეთქება მოაწყო, მთავრობის წევრებმა და სამეფო ოჯახმა მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ცერემონიალს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც დაესწრო, რომელიც თავდასხმის დროს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
მემორიალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა განაცხადა, რომ 22 ივლისს განხორციელებული ტერაქტები იყო თავდასხმა დემოკრატიაზე. პრემირ-მინისტრის თქმით, კუნძულ უტოიაზე მომხდარი თვადასხმის დროს გადარჩენილების ნაწილი ამ დრომდე იღებს მუქარებს.
„დრო არ კურნავს ჭრილობებს. 10 წლის წინ მოკლული ადამიანები კვლავ არ არიან ჩვენთან ერთად. ათი წლის შემდეგ ჩვენ ისევ ვგრძნობთ სევდას და მრისხანებას. ჯერ კიდევ უამრავი ადამიანი იტანჯება ყოველდღიურად და მე ეს მადარდებს. მე ვიცი, რომ უტოიაზე გადარჩენილთაგან ბევრი კვლავ იღებს მუქარებს. ეს მიუღებელია. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რასიზმს, სიძულვილსა და ექსტრემიზმს. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ სიძულვილმა გაიმარჯვოს“, – განაცხადა ერნა სოლბერგმა.
2011 წლის 22 ივლისს ულტრამემარჯვენე ანდერს ბრეივიკმა აფეთქება მოაწყო ოსლოს ცენტრში, რასაც რვა ადამიანი ემსხვერპლა. ამავე დღეს ის თავს დაესხა კუნძულ უტოიაზე ჩასულ მოზარდებს, რა დროსაც ბრეივიკმა 69 ადამიანი მოკლა.მათ შორის იყო საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანი.
ამჟამად ბრეივიკი ნორვეგიის ციხეშია. მას 21 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, თუმცა კანონით ამ ვადის განუსაზღვრელი დროით გახანგრძლივება შესაძლებელია, თუ მთავრობა ჩათვლის, რომ ბრეივიკი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.